დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წელი მიუსაჯეს

დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მისი შვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს, ნაფიცი მსაჯულების მიერ ერთხმად გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე,  20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

“სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დაზარალებული დოდო გუგეშაშვილი და მისი საცხოვრებელი კორპუსის სხვა მობინადრეები დაკითხა, რომლებმაც ბრალდებული, როგორც დანაშაულის ჩამდენი პირი ამოიცნეს. ასევე, პროკურორებმა სასამართლოს წარუდგინეს სატელეფონო კავშირების ამსახველი ინფორმაცია, ვიდეომასალა და ექსპერტიზის დასკვნები, რომლითაც ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დადასტურდა”- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 7 თებერვალს ბრალდებულმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში გულმკერდის არეში მძიმედ დაჭრა დოდო გუგეშაშვილი, ხოლო ნოდარ გუგეშაშვილის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გაისროლა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.