დღეს ჩვენი ქუჩები 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე სახიფათოა – უგულავა

„ევროპილი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიგი უგულავას განცხადებით, ქვეყანას არ სჭირდება ისეთი მთავრობა, რომელმაც ვერ უზრუნველყო მოსახლეობის უსაფრთხოება, დასაქმება და ჯანდაცვა. უგულავას განმარტებით, ქვეყანაში უსაფრთხოების დონე 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე უარესია, ჯანდაცვის მიმართულებით კი ქვეყანა ისეთი გამოწვევის წინაშე დადგა, როგორშიც არასდროს ყოფილა. ამის შესახებ უგულავამ ზუგდიდში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ ვართ „ვარდების რევულიციის“ თაობა, რომელიც იბრძვის და რომელიც არასდროს გაჩერდება იმიტომ, რომ ბრძოლა არის ჩვენს ისტორიაში და ბრძოლა არის ჩვენი თავისუფლების საფუძველი. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, უსაფრთხოებისა და კეთილდეღობისთვის – ყველაფერი ამ ქვეყნისთვის და ყველაფერი საქართველოსთვის. დღევანდელი მთავრობა რომ უნდა წავიდეს, ამის მიზეზი არის რამდენიმე და მარტივი. რისთვის ვირჩევთ და რისთვის გვჭირდება მთავრობა ? მან უნდა უზრუნველყოს ჩვენი უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და დასაქმება, მან ყველაფერ ამას უნდა შეუწყოს ხელი. „ქართული ოცნების“ ივანიშვილის მთავრობამ ჩააფლავა უსაფრთხოებაში, სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ქუჩები 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე სახიფათოა. სამწუხაროდ, ჩვენი ჯანდაცვა და ჯანმრთელობა მასიურად კიდია ბეწვის ხიდზე. ის ტრაბახი, რასაც ჩვენ ვისმენდით, აღმოჩნდა ფუჭი და დღეს ვართ ისეთი გამოწვევის წინაშე, როგორშიც არასდროს არ ყოფილა საქართველო და ამაშიც ჩააფლავეს, ყველაფერს ამას ემატება მასიური უმუშევრობა, მასიური იმედგაცრუება და უპერსპექტივობა. მაშინ რად გვინდა მთავრობა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ჩვენს დასაქმებას, უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას. სწორედ ამიტომ, ამ მთავრობას 31 ოქტომბერს ეტყვის საქართველოს მთელი მოსახლეობა უარს. ეს არის გარდაუვალი,“- განაცხადა გიგი უგულავამ.