ევროკავშირის ლიდერები ეკონომიკის აღდგენის გეგმებზე ჯერ ვერ შეთანხმდნენ

პანდემიის გამოცხადებიდან ეს პირველი შემთხვევაა, როცა ევროპის კავშირის ლიდერები ბრიუსელში პირისპირ შეიკრიბნენ. საკარანტინო შეზღუდვების გამო, უმაღლესი დონის შეხვედრები ბოლო 5 თვეა ევროპაში ვირტუალურად მიმდინარეობს.

ბლოკის 27 სახელმწიფოს შორის დღეს დაიწყო მოლაპარაკება კარანტინის დროს მძიმედ დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის შესახებ. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ აზრთა სხვადასხვაობის გამო, მხარეები შეთანხმებას ერთ დღეში ვერ შეძლებენ და შეხვედრა უქმეებზეც გაგრძელდება.

განხილვის მთავარი თემაა 750 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტი, რომელმაც ბლოკის ქვეყნების ეკონომიკის სტიმულირებას უნდა შეუწყოს ხელი. ეკონომისტების შეფასებების მიხედვით, ევროკავშირის ეკონომიკა, ბლოკის შექმნიდან დღემდე, ერთ-ერთ ყველაზე ღრმა რეცესიას განიცდის.

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს დღეს დაბადების დღე აქვს, ის 66 წლის ხდება. მერკელი უკვე 15 წელია გერმანიის სათავეშია და ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და პატივსაცემ ლიდერად ითვლება. როტაციის პრინციპით, გერმანია წლის ბოლომდე ევროპის კავშირის საბჭოს

ბევრი ანალიტიკოსი ევროკავშირის ამ შეხვედრას ანგელა მერკელის ლიდერობის კიდევ ერთ გამოცდად აფასებს. შეძლებს თუ არა, ფრთხილი და პრაგმატული ლიდერი მოკავშირეებს შორის არსებული წინააღმდეგობების დაძლევას? ამაზე იქნება დამოკიდებული არამარტო ეკონომიკური სტიმულირების გეგმაზე მოლაპარაკება, არამედ ევროპის კავშირის ახალი, შვიდწლიანი საბიუჯეტო გეგმის დამტკიცებაც.

თუ ბლოკის წევრმა სახელმწიფოებმა შეთანხმება ვერ შეძლეს, თვის ბოლოსკენ კიდევ ერთი სამიტი დაინიშნება.