“ემსახურეთ სამშობლოს და არა პიროვნებებს“–რატომ წავიდა მინისტრის მოადგილე თანამდებობიდან

მთავარი არხი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ექსკლუზიურად მოიპოვა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ ნინუას გამოსამშვიდობებელი მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც მან თანამშრომლებს თანამდებობიდან წასვლის შემდეგ გაუგზავნა:

“ემსახურეთ სამშობლოს და არა პიროვნებებს, – ამ შეტყობინებით დაემშვიდობა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თანამშრომლებს.

მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუა თანამდებობიდან მოულოდნელად წავიდა. არსებული ინფორმაციით, ნინუას პირდაპირი მოვალეობა ეპიდემიის პირობებში საზღვარგარეთიდან ქართველი ემიგრანტების დაბრუნება იყო.

მინისტრის მოადგილის მოულოდნელად წასვლას ოპოზიციაში ეხმაურებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება დიპლომატებს ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებების ლობირებისთვის იყენებს.

“შესაძლოა, ეს ფრაზა უკავშირდება ზოგადად შექმნილ ვითარებას, როდესაც სახელმწიფოს მიტაცების ფონზე, მათ შორის, დიპლომატიური რესურსი არის ასე ვთქვათ, მიტაცებული ბიძინა ივანიშვილის პირადი დღის წესრიგისთვის. ასევე ვფიქრობ, რომ შესაძლოა იყო აზრთა სხვადასხვაობა ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებაზე ქვეყანაში. შესაძლოა მას პროტესტი გაუჩნდა, რადგან ხედავდა, რომ იბლოკებოდა პოლიტიკური მიზეზებით ადამიანების დაბრუნება,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.