ენზელ მკოიანის რძალმა თავი მოიკლა – ყოფილი დეპუტატი ზეწოლაზე საუბრობს

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის, ენზელ მკოიანის რძალმა თავი მოიკლა. მკოიანი სახელმწიფო უწყებების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.

ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ მასზე, მის ძმაზე და მის ოჯახზე მუდმივი მუქარა და შანტაჟი ხორციელდება.

“26 მარტს მე და მის ქმარს გვესროლეს, სავარაუდო დამნაშავე არის სამველ პეტროსიანი. არსებობს ამის დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერები და არიან თვითმხილველები. ამ ინციდენტის დროს ჩვენთან ერთად იმყოფებოდა ჩემი ძმისშვილი, რომელმაც თავდაცვის მიზნით ამოიღო უფუნქციო იარაღი. ამის გამო უსამართლოდ დააკავეს 18 წლის ბიჭი. ამის მერე 21 აგვისტოს ააფეთქეს მისი ქმრის მანქანა. ის ამ ყველაფერს უყურებდა და ძალიან ნერვიულობდა. ალბათ სწორედ ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება”,– ამბობს ენზელ მკოიანი ტვ პირველთან საუბრისას.

მკოიანის რძალი გარდაცვლილი ხიდის ქვეშ ნახეს. მას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.