ენმ-მ პლებისციტის იდეა გაიზიარა ჯერ კიდევ ნოემბერ-დეკემბერში – ჩიხლაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ ოპოზიცია პლებისციტს არ უნდა დათანხმდეს.

ჩიხლაძის განმარტებით, ნაციონალური მოძრაობა პლებისციტის იდეას მოლაპარაკებების დროს იზიარებდა, ამიტომ არ იცის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების მიზეზი.

“რაც შეეხება თვითონ “ნაციონალური მოძრაობის” პოზიციასაც, ისინიც იყვნენ იმათ რიგებში, ვინც ეს წინადადება [პლებისციტის] გაიზიარა ჯერ კიდევ ნოემბერ-დეკემბერში.

არ ვიცი დღეს რატომ ეწინააღმდეგება მიხეილ სააკაშვილი. ბატონი მიხეილ სააკაშვილი არ არის ჩემი პარტიის თავმჯდომარე, ამიტომ მე არ ვიცი რა დგას ამის უკან.

პარტნიორები ვართ ყველანი მსხვილი ოპოზიციური პარტიისაც და მცირესაც, მთავარი არის, რომ ყველა პარტია შეთანხმებული ვართ იმ 6 პუნქტზე, ყველა პარტიას თავის დროზე არაოფიციალური ხელმოწერით დადასტურებული აქვს, რომ ერთ-ერთი საკითხი შეიძლება იყოს პლებისციტი, როდესაც მეოთხე რაუნდზე მივდიოდით და ეს ფასილიტატორ ელჩებთანაც დადასტურებულია. ყველა პარტიაში იგულისხმება ბარიერგადალახული პარტიები, ჩამოგითვლით: “ნაციონალური მოძრაობა”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “ლელო”, “ლეიბორისტული პარტია” და “გირჩიც”,- ამბობს ჩიხლაძე რუსთავი 2-თან საუბრისას.

დღეს სააკაშვილმა განაცხადა, რომ პლებისციტის იდეას ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილი თავს ახვევს.