ამ ეპიდტალღის პიკზე ვიყავით გუშინ, შეზღუდვები არაფერს მოიტანს – ინფექციონისტი

ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ ვაშინგტონის ერთ–ერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის მონაცემებით, კორონავირუსის ეპიდტალღის პიკი საქართველოში გუშინ იყო.

“ვაშინგტონის უნივერსიტეტი “Institute for Health Metrics and Evaluation” წარმოადგენს ერთ–ერთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას ჯანდაცვის სტატისტიკური ანალიზის კუთხით. სწორედ მასთან თანამშრომლობს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი და მისგან ღებულობს კოვიდის ეპიდემიის პროგნოსტულ მაჩვენებლებს. ამ ორგანიზაციის პროგნოზის მიხედვით, ჩვენ ამ კონკრეტული ეპიდტალღის პიკზე ვიყავით გუშინ”,– წერს კანდელაკი.

მისი შეფასებით, პროგნოზი ზუსტია, ამიტომ ახლა შეზღუდვების გამკაცრება ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების გარდა არაფერს მოიტანს.

“ჩემის აზრით, ეს პროგნოზი საკმაოდ ზუსტია. მართალია, ისინი გაცილებით რთულ მათემატიკურ ალგორითმებს ეყრდნობიან, მაგრამ ემპირიული შეფასებითაც კი, თუ გავითვალისწინებთ სხვა ქვეყნების მრუდების თავისებურებებს და ბოლო თვეების განმავლობაში კორონავირუსის იმუნოლოგიურ კვლევებში დაგროვილ ინფორმაციას, ზუსტად იგივე დასკვნის გამოტანა შეიძლება. და თუ ეს ასეა, მაშინ შეზღუდვების გამკაცრება უბრალოდ არაფერს მოიტანს გარდა ეკონომიკური კრიზის გაღრმავებისა. გაითვალისწინეთ, რომ ყველა შეზღუდვის პირველი ეფექტი გამოჩნდება 2-3 კვირის შემდეგ, მანამდე არა (ეს დადასტურებული ჭეშმარიტებაა)”,– აცხადებს კანდელაკი.

მისივე მტკიცებით, თუ უახლოეს 1-2 კვირაში კორონავირუსის შემთხვევების კლების ტენდენცია ვიხილეთ, ეს არ იქნება შეზღუდვების დამსახურება, არამედ Institute for Health Metrics and Evaluation-ის პროგნოზს დაადასტურებს. ინფექციონისტის აზრით, ასეთ ვითარებაში, რაც უფრო მალე მოიხსნება შეზღუდვები, მით უკეთესია.

კანდელაკი ასევე აღნიშნავს, რომ სიკვდილიანობის პიკი 2–3 კვირა დაიგვიანებს, რადგან ეს კორონავირუსს ახასიათებს.

“P.S. შეცდომაში არ შეგიყვანოთ გამოვლენილი შემთხვევების ზრდამ, რადგან უახლოეს ხანს იგეგმება 2.5-ჯერ გაზრდა ტესტირების რაოდენობის; ამ გრაფიკზე საუბარია ინფიცირებულთა პროგნოზირებულ საერთო რაოდენობაზე და არა გამოვლენის რაოდენობაზე, რაც ,ცხადია, ტესტირების ინტენსიურობაზეა დამოკიდებული”,– წერს გიორგი კანდელაკი.

“Institute for Health Metrics and Evaluation”–ის პროგნოზი ასეთია: