ერთი ინფიცირებული უკონტროლოდ რომ გაიპაროს, შეიძლება სერიოზული აფეთქება მოხდეს – გახარია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ეკონომიკის გახსნასთან ერთად მოქალაქეებმა რეკომენდაციები უნდა დაიცვან.

“მიუხედავად იმისა, რომ ვაკონტროლებთ ვირუსის გავრცელებას და შეგვიძლია ადამიანებს მივცეთ საშუალება, რომ ეკონომიკურად გააქტიურდნენ და უბრალოდ ელემენტარული შემოსავალი ოჯახში მიიტანონ, ამას პარალელური რისკი, რა თქმა უნდა, მოჰყვება. ეს ელემენტარული წესრიგის დაცვაა – დისტანცია, პირბადე და კიდევ ბევრი რამ. ამის შესრულებაც ახლა თქვენზეა”,- თქვა გახარიამ.

მან აღნიშნა, რომ სიტუაცია კონტროლირებადია, თუმცა 1 ინფიცირებული რომ გაიპაროს, შეიძლება ვირუსის სერიოზული აფეთქება მოხდეს.

“დღეს 26 ახალი ინფიცირების შემთხვევა გვაქვს. კი, ვაკონტროლებთ, ვიცით საიდან არის, წყარო ვინ იყო, მაგრამ ერთი ინფიცირებული უკონტროლოდ რომ გაიპაროს, მეტრო იქნება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი იქნება, შეიძლება სერიოზული აფეთქება მოხდეს. ეს ყოველდღე უნდა გვახსოვდეს. არ არის ეს რაღაც ფუჭი მოთხოვნა”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.