ერთი პირის გამო წარმოუდგენელია დანაშაულის განვრცობა მთელ ჯარზე – ზურაბიშვილი ესებუაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, ბადრი ესებუას მიერ საქართველოს ბანკზე თავდასმას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს ქმედება მთელ ჯარზე არ უნდა განვავრცოთ.

“შეტევა ხორციელდება იმ ინსტიტუციებზე და იმ პიროვნებების დისკრედიტაციის მცდელობებია, ვისაც საზოგადოება ენდობა და რომლებიც ხვალინდელი დღისთვის ყველაზე მეტად გვჭირდება, ეს არის – ჯარი, სამართალდამცავები და ჯანდაცვის წარმომადგენლები.

ჩემი მოვალეობა ამ სტრუქტურების და პიროვნებების დაცვაა, რომლებზეც ჩვენი ქვეყნის დღევანდელი დღე და მომავალი დგას”,– ამბობს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის შეფასებით, “ერთი პირის გამო წარმოუდგენელია დანაშაულის განვრცობა მთელ ჯარზე”.

“მიუღებელია დამაკნინებელი და მადისკრედიტირებელი შეფასებების გავრცელება მთლიანად ჯარზე. მით უფრო, ქვეყანაში რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია და რომელიც ისწრაფვის ნატოსკენ; ასეთი უსაფუძვლო ბრალდებები პირდაპირ უთხრის ძირს ქვეყნის ინტერესებს, და ემსახურება დესტაბილიზაციას თუ უცხო ინტერესებს.

როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, კატეგორიულად ვგმობ და დავგმობ ასეთ მცდელობებს! მინდა, ჩემი ნდობა და პატივისცემა კიდევ ერთხელ დავუდასტურო ქართულ ჯარს!”,– წერია ზურაბიშვილის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტის აზრით, “სამართალდამცველების პროფესიონალიზმზე დამამცირებელი შეფასებები” ასევე ქვეყნის დისკრედიტაციას ემსახურება, რადგან საქართველო მაღალი საერთაშორისო მხარდაჭერით და რეპუტაციით სარგებლობს.