ეს არის კლასიკური ღალატი, მე რომ ახლა ბიძინას შევხვდე ჩუმად და 13 წლის შემდეგ გიამბოთ – მელია გაჩეჩილაძის აღიარებაზე

“ეს არის კლასიკური ღალატი, მე რომ ახლა ბიძინას შევხვდე ჩუმად და 13 წლის შემდეგ გიამბოთ”- ასე გამოეხმაურა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, გია გაჩეჩილაძის აღიარებას, იმის შესახებ რომ 2008 წლის იანვარში “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ გამართული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქცია, მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდთან შეთანხმების შედეგად დაშალა.

“2008 წელს რა და როგორ იყო, ამის გარკვევას ახლა არ ვაპირებ, მაგრამ ერთი რამ კი უნდა ითქვას – 2008 წლის 23 იანვარს, გრანდიოზული აქცია გაიმართა იპოდრომზე, იმ ყინვასა და თოვლში. მეც გახლდით იმ აქციის ერთ-ერთი რიგითი მონაწილე. მაშინ როგორ დასრულდა ის აქცია, ყველას გახსოვთ, ახლა კი ირკვევა, ირკვევა რა – თავად ყვება ყელმოღერებული, თუ როგორ შეხვდა ჩუმად, წინა დღეს იმდროინდელ ხელისუფლებას.სიხშირეს ამბობს, მაგრამ კაცმა არ იცის, რეალურად კიდევ რა „კანფეტები“ მიიღო ჯილდოდ. ამას ალბათ, კიდევ ერთი 13 წლის შემდეგ გაგვიმხელს…

ეს არის კლასიკური ღალატი.  ეს იგივეა, მე რომ ახლა ბიძინას შევხვდე ჩუმად და 13 წლის შემდეგ გიამბოთ… აი, ეს კაცი დასცინის დღევანდელ ოპოზიციას. ალბათ იმაზე დაგვცინის, მასავით სარფიანად ხელისუფლებასთან რომ ვერავინ ვაჭრობს დღევანდელი ოპოზიციიდან.”- წერს ნიკა მელია.

მომღერალი გია გაჩეჩილაძე, რომელიც წლების წინ ოპოზიციის საპროტესტო აქციების ერთ–ერთი ლიდერი იყო, ამბობს, რომ 2008 წლის იანვარში “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ გამართული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქცია, მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდთან შეთანხმების შედეგად დაშალა. 2008 წლის იანვარში საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების გამო თბილისში მრავალრიცხოვანი აქციები იმართებოდა. პრეზიდენტ სააკაშვილის კონკურენტი ამ არჩევნებში ლევან გაჩეჩილაძე იყო. 23 იანვარს, ინაუგურაციის პარალელურად საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო მოსახლეობა და პოლიტიკოსები თბილისში იპოდრომის ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციის პარალელურად შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები მიიჩნევდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა და მეორე ტური უნდა გამართულიყო გია გაჩეჩილაძის ძმასა და მიხეილ სააკაშვილს შორის.