ეს არის საქართველო, რომელიც არ პატიობს თავგასულობას ძალაუფლების არცერთ შტოს – ხოშტარია

“ევროპული საქართველოს” ერთ–ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ფიქრობს, რომ საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, რომელშიც დემოკრატიულობისა და ძალაუფლების ბალანსი დარღვეულია.

“ჩვენ მივდივართ იმ მიმართულებით, რომელზეც მთელი მსოფლიო საუბრობს. რომ კოვიდ-19 ზოგიერთ ქვეყანაში გახდა ავტორიტარიზმის საბაბი. კოვიდით სარგებლობენ ზოგიერთი ქვეყნები, რომ მთავრობებმა დაარღვიონ ადამიანის უფლებები და ა.შ. რატომ უნდა იყოს საქართველო, თანაც წინა საარჩევნო პერიოდში, თან ისედაც ბევრი საერთაშორისო პრობლემის მქონე საქართველო, იმ ქვეყნების სიაში, რომლებზეც იტყვიან, რომ აბსოლუტურად დარღვეულია დემოკრატიულობის და ძალაუფლების ბალანსი. სამწუხაროა”,– ამბობს ხოშტარია.

მისივე განცხადებით, შეზღუდვების გაგრძელების კანონპროექტის არ ეშინია, თუმცა ცუდი პრეცენდენტია, რასაც საზოგადოება არცერთ ძალაუფლების შტოს არ პატიობს.

“აბსოლუტურად არ მეშინია კონკრეტულად არ კანონის, იმიტომ რომ არ მჯერა, რომ ამ კანონით რაიმე სახით მანიპულირება ვინმეს გაუვა, მაგრამ ეს ცუდი პრეცედენტია. ეს არის დისბალანსი. დღეს ბალანსზე უნდა გვემსჯელა და არა ის, რომ აი თქვენ ადამიანების სიკვდილი გაგიხარდებოდათ. როგორ შეიძლება საერთოდ ამაზე საუბარი. ამ ყველაფრის ფასს, აუცილებლად ყველა მთავრობა, რომელიც სარგებლობს სიტუაციით, აკეთებს ძალაუფლების კონცენტრირებას და არის უკონტროლო, ისჯება საზოგადოების მხრიდან. ეს არის საქართველო, რომელიც არ პატიობს თავგასულობას ძალაუფლების არც ერთ შტოს. სწორედ ამის იმედი მაქვს მე, რომ საზოგადოებას კარგად ესმის, რა საფრთხეებს შეიცავს მსგავსი გადაწყვეტილებები“, – განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების 15 ივლისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.

კანონპროექტს ამ წუთებში პარლამენტი განიხილავს. მას გამარტივებული წესით იხილავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ სესიაზე, კენჭისყრისას საკმარისი ხმების არსებობის შემთხვევაში, მას ერთი მოსმენით დაამტკიცებენ.