ეს ნიშნავს, რომ დავიხურეთ, გავბანკროტდით – რესტორატორთა ასოციაცია შეზღუდვებზე

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე დაწესებულ შეზღუდვებს ეხმიანება და ამბობს, რომ ეს რესტორნების დახურვას ნიშნავს.

მისი თქმით, ადგილზე მიტანის სერვისი, რაც მთავრობამ არ შეზღუდა, ფაქტობრივად, მხოლოდ თბილისში ფუნქციონირებს. გაბრიჩიძის ინფორმაციით, თბილისის გარეთ რესტორნების 60%-ია, შესაბამისად, ისინი ვერ იმუშავებენ.

რაც შეეხება თბილისში დარჩენილი რესტორნების 40%-ს, მისი განცხადებით, დელივერის სერვისი მათგან მხოლოდ 15-20% აქვს.

“გამოდის, რომ დაახლოებით ობიექტების 80-85%-სთვის დელივერის სერვისი ხელმისაწვდომი არ არის”,- ამბობს გაბრიჩიძე ტვ პირველთან საუბრისას.

მისივე განცხადებით, იმ პირობებში, როცა საზოგადოებრივი ტრანპორტი გაჩერებულია, წარმოუდგენელია, როგორ მივლენ სამსახურებში ობიექტების თანამშრომლები.

“პრაქტიკულად ეს მთლიანად ქვეყნის დაკეტვაა, ფორს-მაჟურია უსიტყვო. 6 თვე სარესტორნო ბიზნესს გადაუხდიან საბანკო კრედიტების პროცენტს, მაგრამ ძირს როგორ გადავიხდით, არ ვიცი. სარესტორნო ბიზნესის 90% არის ნაქირავებ ფართში, 2 თვის მერე რომ გაგვყრიან ფართიდან, ამის მერე მთავრობაში ალბათ ფიქრობენ, რომ ჩვენ გაგვიშვებენ, მაგრამ მერე უკან შემოგვიშვებენ?! ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დავიხურეთ, გავბანკროტდით, თანამშრომლები წავიდნენ სამსახურიდან, იმიტომ რომ მათ დაკარგეს სამუშაო”,- ამბობს კოტე გაბრიჩიძე.

დღეს მთავრობამ შეზღუდვები დააწესა. 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, თბილისში, თელავში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში და ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერდება.

აიკრძალა მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა, რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე და სხვა.

რა შეზღუდვები დააწესა მთავრობამ – სრულად.