ექსპერტების წინააღმდეგობის მიუხედავად პრეზიდენტ ტრამპს ამერიკაში სკოლების გახსნა სურს

სკოლები სწრაფად უნდა გაიხსნას, თქვა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 13 მაისს.

„ვფიქრობ, სკოლები აუცილებლად უნდა გავხსნათ,“ განაცხადა პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჩრდილოეთ დაკოტისა და კოლორადოს გუბერნატორებთან შეხვედრისას.

„მას ახალგაზრდა ხალხზე ძალიან უმნიშვნელო გავლენა აქვს,“ თქვა მან კოვიდ-19-ზე, თუმცა დასძინა, რომ ეს გუბერნატორების გადასაწყვეტი იქნება.

ტრამპის ამ განცხადებას ერთი დღით ადრე წინ უსწრებდა კალიფორნიის შტატის მიერ გადაწყვეტილების მიღება, რომ სკოლები მომავალი სასწავლო წლის დასაწყისშიც კი არ გაიხსნას.

შეერთებულ შტატებში სკოლები დაკეტილია. შტატების დიდმა ნაწილმა გამოაცხადა, რომ სკოლები სასწავლო წლის ბოლომდე არ გაიხსნება. მათი უმრავლესობისთვის ეს ივნისის ბოლოა.

„მიუღებელი პასუხი“

პრეზიდენტმა თეთრის სახლის კორონავირუსის სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი წამყვანი წევრი გააკრიტიკა. ექიმი ანტონი ფაუჩი წინა დღეს სენატის კომიტეტის წინაშე მოხსენებით წარსდგა, რომელზეც კოვიდ-19-თან დაკავშირებით სენატორების შეკითხვებსაც უპასუხა.

„მას სურს ყველა მხარეს ითამაშოს,“ თქვა პრეზიდენტმა ფაუჩიზე, რომელიც ამერიკის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორია.

მოსმენის დროს, ფაუჩიმ სენატორებს უთხრა, რომ თუ შტატები და ქალაქები სწრაფად გაიხსნებიან, მათ პანდემიის გამო მძიმე შედეგები დაუდგებათ.

„მისმა პასუხმა გამაკვირვა,“ თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა. „ჩემთვის ეს არ არის მისაღები პასუხი, განსაკუთრებით როცა საქმე სკოლებს ეხება.“

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, რომ შეერთებული შტატების დიდ ნაწილში ინფიცირების მაჩვენებელი ჯერ ისეც მზარდ ტრაექტორიაზეა. ზოგიერთ დიდ ქალაქში კი, მაგალითად, ნიუ-იორკში, ინფიცირების ახალი შემთხვევები მცირდება.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ის შედეგად 84 ათასზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევები კი 1.4 მილიონს აღემატება.