ვერ ავცდებით ასეთ ტრაგედიებს, როცა ლომჯარია ამბობს, რომ ყველას აქვს უფლება, იყოს უზრდელი – ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას სიტყვებს იხსენებს.  მისი თქმით, როცა ომბუდსმენი ამბობს, რომ ყველას აქვს უფლება იყოს უზრდელი, ასეთ ტრაგედიებს ვერ ავცდებით.

“როდესაც ჩვენ სახალხო დამცველისაგან გვესმის სიტყვები, რომ ყველას აქვს უფლება, იყოს უზრდელი, როდესაც მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ ნარკოტიკების მიღება არის თავისუფლების აქტი და ევროპიზაცია, ჩვენ ვერ ავცდებით ასეთ ტრაგედიებს”, – ამბობს დეკანოზი ტვ პირველის ეთერში.

მისივე თქმით, ასეთ ტრაგედიების პრევენციისთვის ეკლესიის ჩართულობა მნიშვნელოვანია, თუმცა “უკვე 10–12 წელია სკოლებში შესვლა ეკრძალება სასულიერო პირს იმისათვის, რომ მოსწავლეებთან შეძლოს მსგავს თემებზე საუბარი”.

დეკანოზი აღნიშნავს, რომ პრევენცია იქნებოდა, თუ შაქარაშვილი არ დაიღუპებოდა და ბრალდებულ ახალგაზრდებს “ცხოვრება არ გაფუჭებოდათ, რომლებიც ციხეში უნდა წავიდნენ ამ დანაშაულის გამო”. ხოლო, როდესაც “უკვე დაღუპულია ახალგაზრდა ადამიანი და სხვები შარში არიან, ამ საქმეს აღარ შველის პრევენციული ზომები”.