თურნავა ბიზნესს: ვინც გვემორჩილება, იაზრებს პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, მას დავეხმარებით

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ბიზნესები, რომლებიც თვითნებურად ამუშავდებიან, ან დაწესებულ შეზღუდვებს დაარღვევენ, ბიუჯეტიდან დახმარებას ვერ მიიღებენ.

“უნდა ვიყოთ სამართლიანები. პასუხისმგებლობას ვინაწილებთ, ბიზნესიც თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს და ის ბიზნესები, რომლებიც არ დაემორჩილებიან თავისი საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილებას, უკანონოდ გაიხსნებიან და საქმიანობენ, რა თქმა უნდა, მათ არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი რომ ჩვენ ბიუჯეტიდან, ხალხის ფულიდან დავიწყებთ მათ დახმარებას. რა არის მთელი აზრი ამ დახმარების, სესხის პროცენტის სუბსიდირების არის ის, რომ კეთილსინდისიერ ბიზნესებს, ვინც ემორჩილება კანონს და დროებით შეზღუდვაში არის მოყოლილი, შევუმსუბუქოთ ეს პერიოდი”,– აცხადებს თურნავა რუსთავი 2–ის ეთერში.

მისივე თქმით, პროგრამაში არ ჩასვამენ იმ ბიზნესებსაც, რომელიც თუნდაც პროტესტის, ან შემოსავლის არდაკაგვის გამო მუშაობას თვითნებურად განაახლებს.

“ვინც სამართლიანად ემორჩილება კანონს და დროებით შეაჩერა, თუნდაც ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება მიიღო, გვემორჩილება და იაზრებს ამ პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, მას დავეხმარებით. ვინც კანონის გვერდის ავლით, პროტესტის ნიშნად, ან იმიტომ რომ ისარგებლოს მომენტით და აჯობოს კეთილსინდისიერ კონკურენტს და შემოსავალი არ დაკარგოს, მაინც საქმიანობს, მას არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ჩვენ პროგრამებში ჩავსვამთ”,– აღნიშნავს თურნავა.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დღეს პრემიერმა გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.