ვინც ფიქრობს, რომ შეიძლება ტაძარში არმისვლით თავი დაიცვას, დარჩეს სახლში!- ჯაღმაიძე

,,ვინც ფრთხილობს და ვინც ფიქრობს, რომ შეიძლება, ტაძარში არ მისვლით თავი დაიცვას, დარჩეს სახლში!”,- მიმართავს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მრევლს.

მისი თქმით, ვინც სახლში დარჩება, ამას სარწმუნოების განდომად არავინ ჩაუთვლის.

,,პატრიარქის მიმართვაში არის პუნქტი, რომელიც ჯერჯერობით ეხება ლიტურგიებს და აქ არის ნათქვამი, რომ ვინც სიფრთხილის გამო გადაწყვეტს, რომ არ მივიდეს მსახურებაზე, იყოს სახლში და საჭიროების შემთხვევაში მოძღვარი მასთან მივა. ანუ, ის შემთხვევები, როდესაც ასაკის გამო, ან ჯანმრთელობის გამო, არის რისკ-ჯგუფში, ამ მიმართვაში ვუთხარით, რომ დარჩით სახლში.

ამის გარდა დაემატა ეს, რომ ვინც ფრთხილობს და ვინც ფიქრობს,რომ შეიძლება, ტაძარში არ მისვლით თავი დაიცვას, დარჩეს სახლში. მთავარი არის ის , რომ ამ ადამიანებს არავინ უთვლის სარწმუნოებისგან განდგომად, თუკი ის სახლში დარჩება. მასთან მივა მოძღვარი და ყველა იმ საჭიროების შეთხვევაში მსახურებას აღასრულებს, რაც სჭირდება”,- აცხადებს დეკანოზი.

მისივე თქმით, ე.წ. კომენდანტის საათის დროს მორწმუნე უნდა იყოს სახლში, თუმცა სააღდგომოდ ელოდებიან, რომ სიტუაცია განიმუხტება.

„ჩვენ სააღდგომოდ არ გვაქვს მიღებული გადაწყვეტილება, როგორ შევძლებთ მსახურება სრულფასოვნად, მრევლთან ერთად აღესრულოს და ამავდროულად არ დაირღვეს კომენდანტის საათი. მორწმუნემ მხედველობაში უნდა მიიღოს ის რეკომენდაციები, რაც ხელისუფლებიდან და ჯანდაცვის მესვეურთაგან მოდის. ეს ხალხი ნდობას იმსახურებს იმიტომ, რომ მათი მუშაობა ეფექტურია და შეგვიძლია, ვენდოთ მას. ე.წ კომენდანტის საათის დროს მორწმუნე უნდა იყოს სახლში, თუმცა ჩვენ სააღდგომოდ ველოდებით, რომ სიტუაცია განიმუხტება”,- თქვა დეკანოზმა და აღნიშნა, რომ აღდგომის წინა პერიოდში ხელისუფლებასთან აუცილებლად ექნებათ საუბარი.

ცნობისთვის, ჯერჯერობით უცნობია, როგორ ჩატარდება სააღდგომო დღესასწაული საგანგებო მდგომარეობის პირობებში. აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება, ასევე მოქმედებს კომენდანტის საათი- 21 საათიდან დილის 6 საათამდე მოქალაქეებს სახლიდან გამოსვლა ეკრძალებათ.