ვინ არიან “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის სავარაუდო კანდიდატები

მთავარი არხი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის სავარაუდო კანდიდატებს ასახელებს. კანდიდატები რეგიონებში პარტიას ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუყენებია.

  • ხატია დეკანოძე სავარაუდოდ თერჯოლა-ტყიბული-ზესტაფონი-ბაღდათის ოლქში დასახელდება;
  • რუსთავში – დავით კირკიტაძე;
  • გურჯაანი-სიღნაღი-დედოფლისწყარო–საგარეჯოს ოლქში სავარაუდოდ ლევან ბეჟაშვილი;
  • თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი – გიორგი ბოტკოველი.

ასევე, ცნობილია რომ ქუთაისში “ენმ”-დან კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება, ხოლო სამტრედია-ხონში დევი ჭანკოტაძე.  გლდანში კენჭს ნიკა მელია იყრის, ხოლო ისანში – ლევან ხაბეიშვილი. პარტიაში ამბობენ, რომ კანდიდატების ვინაობა 20 აგვისტომდე დაზუსტდება.

ოპოზიცია რეგიონებში საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე ვერ შეთანხმდა – ენმ–მ გადაწყვიტა, დარჩენილ 22–ივე ოლქში საკუთარი კანდიდატები დააყენოს. პარტიაში ამ ოლქების კანდიდატებზე მსჯელობენ. ასევე, განიხილავენ ვინ იქნება მათი პრემიერობის კანდიდატი. სავარაუდოდ, ამ პოსტზე მიხეილ სააკაშვილს დაასახელებენ.

დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი ბარამიძემ ოპოზიციურ პარტიებს მიმართა, რომ მათ ან ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში მოუწევთ ყოფნა, ან მიხეილ სააკაშვილის, ამიტომ, “ჩამოყალიბდნენ, რა გზას ირჩევენ”.