ვისი ნათესავია შაქარაშვილის საქმის მოწმე – მაღალჩინოსანი ნათესაურ კავშირს ადასტურებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო გიორგობიანი ადასტურებს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთერთი მთავარი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე მისი ნათესავია.

გიორგობიანი წერს, რომ ბრეგვაძე ამ საქმეში დაზარალებულია და ერთადერთია, ვინც პოლიცია გამოიძახა. შსს–ს მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ შაქარაშვილის საქმესთან იაკობ ბრეგვაძის შემხებლობის შესახებ 22 ივნისს გაიგო.

„პირველ რიგში, უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ 18 ივნისს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და ვუსამძიმრებ ოჯახს.

ვადასტურებ, რომ ამ საქმის ერთ-ერთი დაზარალებული, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე არის ჩემი ნათესავი, უფრო ზუსტად მამაჩემის დის შვილიშვილი. დაზარალებულის დამნაშავედ გამოცხადება არ მიკვირს იმ ადამიანებისგან, ვინც წლების მანძილზე, უმძიმეს დანაშაულში მხილებული თანაგუნდელების უდანაშაულობას უმტკიცებდა საზოგადოებას.

იაკობ ბრეგვაძე ამ საქმეში არის დაზარალებული და ამ რეალობას ვერაფერი შეცვლის. ის ერთადერთია, რომელმაც პოლიცია გამოიძახა. ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავ, როგორ ხდება მის მიმართ ცრუ ინფორმაციების გავრცელება და როგორც ჩანს, ახლა ახალი კამპანიის აგორება არის გადაწყვეტილი.

ამასთან ერთად, მოსალოდნელი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, თავს ვალდებულად ვთვლი, საჯაროდ განვაცხადო, რომ იაკობ ბრეგვაძის ამ საქმესთან შემხებლობის შესახებ, მე მხოლოდ 22 ივნისს, მისი დედისგან შევიტყვე, რისი გადამოწმებაც, უმარტივესად არის შესაძლებელი.

არ გამოგივათ! იაკობ ბრეგვაძე დაზარალებულია!

დარწმუნებული ვარ, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს“, – წერს გიორგობიანი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, რეფორმატორთა ცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფოტოგრაფი შსს–ს მაღალჩინოსნის ნათესავია.  კუპარავა ამბობს, რომ შაქარაშვილის გარდაცვალების ღამეს ფოტოგრაფს სატელეფონო კონტაქტი ჰქონდა ამ მაღალჩინოსანთან.