ვნახეთ ოპოზიციის შეშფოთებული კომენტარები რეიტინგებთან დაკავშირებით, ენდობიან კვლევას და ალბათ, შეშფოთებულებიც ამიტომ არიან – თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, Edison Research-ის კვლევაში “ქართულ ოცნებას” რეიტინგი ხელოვნურად აქვს დაკლებული.

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის მიერ ჩატარებულ კვლევაშიც ჩანს მათ მიმართ საზოგადოების დაბალი სანდოობა.

“ამ კვლევის შედეგები არის იმდენად სანდო, რამდენად სანდოც არის მისი დამკვეთი, კეზერაშვილი. ჩვენ დემოკრატიული განვითარებისთვის გვჭირდება ობიექტური კვლევები. ამ კვლევაში “ქართულ ოცნებას”, როგორც ჩანს, ხელოვნურად აქვს ჩამოკლებული, რეიტინგი. თუმცა მეორე მხრივ, ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის წარმომადგენლების შეშფოთებული კომენტარები მათ რეიტინგებთან დაკავშირებით. ისინი ენდობიან ამ კვლევას და ალბათ, შეშფოთებულებიც ამიტომ არიან.

ყოველთვის ვეუბნებოდით “ძველ ოპოზიციას”, ნუ ხართ ვირუსის მხარეს მაშინ, როდესაც ქვეყანა ებრძვის პანდემიას. ვეუბნებოდით, რომ მიიღეთ მონაწილეობა საკონსტიტუციო პროცესში და მხარი დაუჭირეთ ცვლილებებს, რომელიც დემოკრატიის ინტერესებშია. ვეუბნებოდით, ნუ ესხმით თავს ინსტიტუტებს, ნუ ესხმით თავს ეკლესია. ვეუბნებოდით, ნუ გიხარიათ, როდესაც კრიტიკული შენიშვნები ისმის ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოს მისამართით. მათ ეს რჩევები არ გაითვალისწინეს. საბოლოო ჯამში, როგორც ხედავთ, მიიღეს ძალიან დაბალი საზოგადოებრივი ნდობა, რომელიც მათივე ჩატარებულ კვლევებში ჩანს. სინამდვილეში, თუ რამდენი ჩამოაკლეს ამ კვლევით “ქართულ ოცნებას”, ამას ჩვენ ვაჩვენებთ ოპოზიციას ოქტომბრის არჩევნებში”, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკური რეიტინგები ასეთია: “ქართული ოცნება” — 39%; მოსახლეობის 20% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” — 16%; “ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები” — 5%.