ვფიქრობ, მხარეები ვადამდელზე ვერ შეთანხმდებიან, პლებისციტი შესაძლებელია – გრეგოროვა

ევრონესტის ვიცე-თავმჯდომარე და საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრი, ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ მედიაციის ჯგუფის ბრიუსელიდან საქართველოში გამოგზავნას სრულებით მხარს უჭერს, რისთვისაც ბოლო კვირებში დაუღალავად მუშაობდა.

“მიხარია, რომ ბატონი მიშელის მიერ ამ მხრივ გაწეული ძალისხმევა მოწონებული იქნა. ვიმედოვნებ, რომ როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის, ასევე მოქალაქეებისთვის ეს საკმარისი სიგნალია იმის დემონსტრაციისთვის, რომ ევროკავშირი ზრუნავს საქართველოზე და მისთვის დახმარების ხელის გაწვდენა სურს“, – განუცხადა გრეგოროვამ ინტერპრესნიუსს.

მისივე თქმით, ვადამდელ არჩევნებს სიტუაციის მოგვარება შეუძლია, თუმცა მხარეები პლებისციტზე უფრო მარტივად შეთანხმდებიან.

„რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, თუ ამას კონფლიქტის ორივე მხარე დათანხმდება, ვფიქრობ, ეს სიტუაციას ცალსახად მოაგვარებდა, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეჭვები არ დარჩება, რომ პროცესმა სამართლიანად ჩაიარა, სხვა შემთხვევაში იგივე უწესრიგობას მივიღებთ, რომელშიც ახლა ვართ, მხოლოდ უარესს. ამის მიუხედავად, ვისმენ რა ორივე მხარის პოზიციებს, ვფიქრობ, რომ ისინი ვადამდელ არჩევნებზე ვერ შეთანხმდებიან. ვვარაუდობ, რომ პლებისციტი უფრო შესაძლებელი და ნაკლებად რთული გამოსავალი იქნებოდა“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.