ვფიქრობ ფართომასშტაბიან აქციებზე, გამოვიღვიძოთ და დავდგეთ ერთად – ბაჩალიაშვილის მამა

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშილის მამა ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებს. ჯუმბერ ბაჩალიაშვილი საზოგადოებას გვერდში დგომისკენ მოუწოდებს.

“ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტთ, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბრის ბოლომდე ბრძოლას არ შევწყვეტთ. იმედი მაქვს ნოემბრიდან უკვე დაიწყება კარგი ცხოვრება და ყველაფერი კარგად იქნება და ყველას გვეშველება. გამოვიღვიძოთ და ერთად ვიყოთ, ყველა მშობელს ვთხოვ, დავდგეთ ერთად, გადავრჩეთ, შვილები გადავარჩინოთ. აუცილებლად ვფიქრობთ ფართომასშტაბიან [აქციებს]”,-აცხადებს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ფორმულას ეთერში.

ის პრემიერმინისტრს გულგრილობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მასთან შეხვედრის მრავალდღიანი მოთხოვნის მიუხედავად, გახარია არც კი შეხმიანებია.

“არც ტელეფონით დამკავშირებია, არც შემხვედრია, საერთოდ გულთან არ მიიტანა. ადამიანი მოკლეს, თუ გაფრენილი ჩიტი, ეგეთ მდგომარეობაშია. როგორი ქვეყნის მეთაურია, როცა ადამიანი გთხოვს, მისმინე ჩემი დარდი, დამიდექი გვერდზე და არ გამოდის, ესე იგი აწყობს ამ ადამიანს, ამას არ სჭირდება მცოდნე ადამიანი”,– ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.