ზურაბ ჯაფარიძემ ხმა ელენე ხოშტარიას მისცა

“ვაკეში მაჟორიტარობის კანდიდატი არ გვყავს, ამიტომაც ხმა მივეცი ელენე ხოშტარიას”- “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ამის შესახებ საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. მისი განცხადებით, მან აირჩია “გირჩი” თუმცა მაჟორიტარებს შორის ევროპული საქართველოს კანდიდატს ელენე ხოშტარიას მისცა ხმა.

“ვაკეში მაჟორიტარობის კანდიდატი არ გვყავს, ამიტომაც ხმა მივეცი ელენე ხოშტარიას. რასაც ვუყურებ გამოცხადება არის მაღალი, რაც, ერთის მხრივ, ნიშნავს რომ ხალხმა დაძლია ეს ნიჰილიზმი, მეორეს, მხრივ პანდემიაა და მაინც აკეთებენ არჩევანს, რაც ძალიან კარგია. რადგან მგონია, რომ დღეს გამარჯვების ფორმულა არის ის, რომ არავის არ უნდა დაეზაროს და რაც შეიძლება ბევრი ადამიანი უნდა მივიდეს და მისცეს ხმა.

თუ ბევრი ხალხი მივა, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ვგულისხმობ იმას, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებს. მათ შორის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი გირჩის მიმართ. მგონია, რომ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესებთ შედეგს რომელიც ჩვენ ვაჩვენეთ, ორი წლის წინ საპრეზიდენტო არჩევნებზე”, – განაცხადა ჯაფარიძემ.