ზურაბ ჯაფარიძე თანახმაა, თბილისის მერის არჩევნებზე ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი იყოს

“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ თუ ოპიზიცია შესთავაზებს, თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატი იყოს, დათანხმდება.

მისივე განცხადებით, მერობაზე კენჭყისრას ისედაც აპირებს.

“ისედაც ვაპირებ, რომ დავდგე და თუ ერთიანი კანდიდატი ვიქნები, ცხადია, უკეთესია. ჯერჯერობით, რაიმე ასეთი კონსულტაცია არ ყოფილა, არ მქონია კონსულტაცია. ჩემთან პარტიაში ასეთი განწყობაა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გაყალბების მიუხედავად , ჩვენ ყველაზე პატარა დანახარჯებით თბილისში მე-3 ადგილზე გავედით. შესაბამისად, ჩვენს პარტიას აქვს ამბიცია, რომ თბილისში ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი. ეს არის ახლა, ამ წუთში მოცემულობა.

ჯერ პარტიაში მიღებული არ არის ამაზე გადაწყვეტილება, ამიტომ, ცალსახად ვაპირებ თუ არა კანდიდატობას, ვერ გეტყვით, მაგრამ ეს განიხილება. თუ ამას დაემატება ის, რომ ვიქნები ერთიანი კანდიდატი, ცხადია, ეს პლუსია. გიჟი უნდა ვიყო, რომ ამაზე ვთქვა არა, ეს არ მინდა-მეთქი. რატომ არ უნდა მინდოდეს?!”- აცხადებს ზურაბ ჯაფაიძე.