თავდაცვის სამინისტრო მათი სამხედროს გაუჩინარების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ გაუჩინარდა სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილი. მისი ადგილსამყოფელის დადგენას სამინისტრო შესაბამის უწყებებთან ერთად ცდილობს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, 22 დეკემბერს თეიმურაზ გიუნაშვილი არ გამოცხადდა სამხედრო ნაწილში, რის შემდეგაც სამინისტრომ ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან დარეკა.

„საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილი მსახურობს თავდაცვის ძალებში, მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში. აღნიშნული სამხედრო პირი 21 დეკემბერს 09:00 სთ-მდე იმყოფებოდა განწესში და ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო განწესის შეცვლის შემდეგ ისარგებლა კონტრაქტით გათვალისწინებული დათხოვნის უფლებით და დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია, რაც დასტურდება პატაკითა და გამშვები პუნქტის სათვალთვალო ვიდეო კამერებით. 22 დეკემბერს, როდესაც აღნიშნული პირი შესაბამის დროს არ გამოცხადდა სამხედრო ნაწილში, მისმა უშუალო მეთაურმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დროულად განახორციელა სატელეფონო ზარები ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან. ამ დროისთვის, თავდაცვის სამინისტრო სრულ კოორდინაციაშია შესაბამის უწყებასთან სამხედრო მოსამსახურის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით”,-აცხადებენ უწყებაში.

სამხედრო მოსამსახურეს, თეიმურაზ გიუნაშვილს რამდენიმე დღეა, რაც ოჯახი ეძებს.