თავიდან უნდა ავიცილოთ ადამიანების მოზღვავება – გამყრელიძე კარანტინის მიზეზებს განმარტავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძის განმარტავს, რატომ არის ევროკავშირის 5 ქვეყნიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი, ხოლო ტურისტებისთვის – არა.

გამყრელიძის თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ თავიდან აიცილონ ადამიანების “მოზღვავება”

“საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სამოგზაუროდ ან სხვა მიზნით წაბრძანდებიან ამ ხუთ ქვეყანაში, დაბრუნებისას, დიახ, მათ ამ ეტაპზე, ჯერჯერობით მოუწევთ კარანტინში გადასვლა იმიტომ, რომ თავიდან იქნეს აცილებული დიდი რაოდენობით ადამიანის მოზღვავება.

ყველაფერი ეს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს. გარკვეულ ნაბიჯზე, ალბათ, შემდგომ უკვე მოხდება და იქნება განხილვის საგანი ეს მეორე საკითხი. მაგრამ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ ამ ქვეყნებში და შემოდიან საქართველოში, საქართველოს მთავრობა ყოველგვარი ფასის გარეშე, გადახდის გარეშე მათ უზრუნველყოფს 2–კვირიანი კარანტინით, შესაბამისი კვებით და კვლევებით”,– განაცხადა გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე.

მისივე განმარტებით, ტურისტებზე კარანტინი იმიტომ არ ვრცელდება, რომ ეს ორმხრივი შეთანხმების ნაწილია.

“ამ ადამიანებზე არავითარი სხვა დამატებითი პირობა არ ვრცელდება და ეს არის ორმხრივი შეთანხმების ნაწილი. ანუ ეს ქვეყნები ცნობენ საქართველოს უსაფრთხოდ, და ჩვენც შესაბამისად მათ გავუხსენით კარი”,– თქვა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილება პრემიერის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა სხვაგვარად განმარტა. მან თქვა, რომ ტურისტები კორონავირუსის გავრცელების ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენენ, რადგან მათ საქართველოს მოქალაქესთან შედარებით გაცილებით ნაკლები საკონტაქტო წრე ჰყავთ.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებმა სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ მაშინაც, თუ ევროპის იმ 5 ქვეყნიდან შემოდიან, რომელსაც საზღვრები საქართველომ უპირობოდ გაუხსნა. ამ ქვეყნებიდან შემოსული ტურისტები 2–კვირიან კარანტინს არ გაივლიან.