თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი გამოძიებას ელისო კილაძის დაკითხვას ურჩევს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, გამოძიებას ელისო კილაძის დაკითხვას ურჩევს.
მიხეილ რამიშვილის თქმით, ელისო კილაძის დაკითხვა მათივე ინტერესებში უნდა შედიოდეს, რადგან კილაძე არა ერთ სატელევიზიო ეთერში საუბრობს, რომ თითქოს მას ვიღაც დაუკავშირდა და ინფორმაცია მიაწოდა თამარ ბაჩალეიშვილის საქმესთან დაკავშირებით.

“არა ერთ პირდაპირ ეთერში ელისო კილაძემ თქვა, რომ ვიღაც დაუკავშირდა და უთხრა, თითქოს თამუნა ბაჩალიაშვილს, რაღაც ვებ გვერდთან ჰქონდა შეხება, რაც ელისოს ჩაწერილი აქვს. თუ ასეა ელისოც დაკითხონ, ეს გამოძიების ინტერესებიდან მომდინარეობს , დაინტერესდეს გამოძიება.

ვინ დაურეკა  ელისო კილაძეს , რა იცის იმ ადამიანმა და რა ინფორმაცია მიაწოდა მას. მე არ ვიცი მასთან რა ილაპარაკა იმ ადამიანმა.“– ამბობს რამიშვილი.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება სავარაუდოდ თვითმკვლელობის ვერსიისკენ იხრება, თუმცა ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი მის მკვლელობაზე საუბრობენ და საქმის გამოძიებას ითხოვენ. ბოლო დღეებში გაჩნდა ვერსია, რომ მისი გარდაცვალება შესაძლოა კომპანიას უკავშირდებოდეს, რომელშიც ის მუშაობდა.