თამარ ბაჩალიაშვილს ხელი მიუწვდებოდა ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ ინფორმაციაზე – დავით ფურცხვანიძე

“თამარ ბაჩალიაშვილს ხელი მიუწვდებოდა ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ ინფორმაციაზე”-  ამის შესახებ დავით ფურცხვანიძემ, ჟურნალისტებს განუცხადა. ფურცვანიძემ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს, სატელიტით გადაღებული ფოტოსურათები მიაწოდა, აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილს მნიშვნელოვან ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი.

„თამარი იყო ის სპეციალისტი, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ ინფორმაციაზე, თვითონაც იყო ინფორმაციის მატარებელი. ამის გარდა ძალიან კარგი სისტემატიკოსი იყო. მაქვს ანალიტიკური სააგენტო, რომელიც აკეთებს გარკვეულ მოკვლევებს, იძიებს ამა თუ იმ კანონდარღვევით მიმდინარე პროცესებს, საერთაშორისო ფორმატში ძირითადად. ეს არის ნაწილი იმ საქმისა, რომელიც ეხებოდა ძირითადად მსხვილ ფინანსურ აფიორას რაღაც კუთხით და თამარი იყო იმ ქვესტრუქტურაში შემავალი“,- განაცხადა ფურცხვანიძემ.

ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გასაჯაროებულ ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგებით გაირკვა, რომ ისინი დამონტაჟებული და ყალბია.