თამარ ჩერგოლეიშვილი “ევროპული საქართველოს” ჩრდილოვანი მმართველია – ანა დოლიძე

იუსტიციის საბჭოს უკვე ყოფილი წევრი და “მოძრაობა ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე ამბობს, რომ მასზე ორკესტრირებული შეტევა პარტიებმა “ქართულმა ოცნებამ” და “ევროპულმა საქართველომ” განახორციელეს. მისივე თქმით, ამ დებატში ჩაერთო გამოცემა “ტაბულას” რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელიც ევროპული საქართველოს ჩრდილოვანი მმართველია.

“დღეს ოთო კახიძე გამომივარდა, რომელიც იყო ზურაბ ადეიშვილის მოადგილე, ახლა გვასწავლის გემოვნების თემებს სასამართლო სფეროში და აქ არის მთელი კვანძი, ჩემი აზრით, როგორ იკვრება ეს ყველაფერი. ნაზი ჯანეზაშვილი არჩეულია იუსტიციის საბჭოში შემდეგი პაქტით “ევროპული საქართველო”– ქართული ოცნება”. ეს თავდასხმა ჩემზე იყო მორიგი ერთობლივი პროექტი ამ ორი პოლიტიკური ძალის. შეხედეთ, ვინ ერთვება ამ დებატში, ოთარ კახიძე პირველ რიგში, თამარ ჩერგოლეიშვილი – ევროპული საქართველოს ჩრდილოვანი მმართველი. სულ ამის თქმა მინდა. ბიძინა ივანიშვილს რომ აკრიტიკებენ და გასაკრიტიკებელია. თამარ ჩერგოლეიშვილი არის ევროპული საქართველოს ჩრდილოვანი მმართველი”,– აცხადებს დოლიძე ტვ პირველის ეთერში.

დოლიძე ამბობს, რომ მისი სამოქალაქო ორგანიზაციის ამოცანაა, დღისწესრიგიდან გაწიონ “2 დიდი დინოზავრი.”

“აი, ის ორკესტრირებული თავდასხმა რაც მოხდა, ასეთი რაღაც არავისზე არ უნდა მოხდეს. მოილაპარაკონ ძალებმა “ევროპულმა საქართველომ” და სალომე ზურაბიშვილმა და გადაწყვიტონ ვიღაცის დევნა, რომ ეს არ მოხდეს”,– თქვა ანა დოლიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელი დღიდან იუსტიციის საბჭო არის “ავგიას თავლა”.

ცნობისთვის, დღეს ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა. მას გადადგომისკენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მისი კოლეგა, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი მოუწოდებდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ ანა დოლიძე პოლიტიკაში ჩაერთო, იუსტიციის საბჭოს წევრს კი პოლიტიკაში მონაწილეობა ეკრძალება. დოლიძე ბრალდებებს უარყოფდა და საპასუხოდ მათ მოუწოდებდა, სასამართლოსთვის მიემართათ.

18 ივნისს სამოქალაქო მოძრაობის ლიდერებმა ალეკო ელისაშვილმა, ლევან იოსელიანმა, ანა დოლიძემ და პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ერთობლივი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს.