თანხის სისტემატურად გამოძალვის ბრალდებით სამეგრელოში 2 პირი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელოში 1991 წელს დაბადებული ა.წ. და 1976 წელს დაბადებული რ.პ დააკავეს, რომელთაც ბრალად ედებათ სისტემატურად მოქალაქისგან თანხის გამოძალვა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მოქალაქეს გარკვეული ოდენობის თანხას სისტემატურად სძალავდნენ. პოლიციამ ავტომანქანიდან, რომლითაც ერთ-ერთი ბრალდებული გადაადგილდებოდა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო 3500 აშშ დოლარი, ხოლო მეორე ბრალდებულის სახლიდან სამართალდამცველებმა საბრძოლო მასალა და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს”,- აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილ გამოძალვას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.