თაღლითობის ბრალდებით ექიმების დაკავება აბსურდულია – თბილისის ცენტრალური საავადმყოფო

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო განცხადებას ავრცელებს პროკურატურის მიერ გულგრილობისა და თაღლითობის ბრალდებით დაკავებულ ექიმებთან დაკავშირებით, რომელთაც სამედიცინო ლიცენზიის გარეშე ოპერაციების ჩატარებას ედავებიან.

სამედიცინო დაწესებულება ერთმნიშვნელოვნად და სრულად უარყოფს დაკავებულ პირთა მიმართ, პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებებს და მიიჩნევს, რომ ბრალდების საფუძვლად მოყვანილი არგუმენტაცია არის “აბსურდული და სრულებით არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს”.

“პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სრულიად მცდარია პროკურატურის ბრალდება, თითქოს თაღლითური გზით, უსაფუძვლოდ განხორციელდა პაციენტის ოჯახის წევრების დარწმუნება, იტალიელი ექიმების მიერ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით.

ეს ფაქტი სავსებით არ შეესაბამება რეალობას, ჩვენი კლინიკა ბოლო რამდენიმე წელია თანამშრომლობს იტალიის ქალაქ ბერგამოს საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორებთან რობერტო აგაცისთან და რობერტო ნანისთან და მათი მეთვალყურეობის ქვეშ და ჩვენი სამედიცინო გუნდის ჩართულობით, ბოლო 3 წლის განმავლობაში 98 პაციენტს წარმატებით ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. ეს იყო ზუსტად ის, რისთვისაც პაციენტმა მიმართა საავადმყოფოსა და ასევე იტალიელ სპეციალისტებს.

მოცემულ შემთხვევაშიც დასტურდება იტალიელი ექიმების ჩართულობა. კერძოდ, პაციენტ ნ.ც-ს,სიმსივნური წარმონაქმნის აბლაციის მიზნით, ქართველ-იტალიელ ექიმთა ჯგუფის მიერ წარმატებული ოპერაცია, პირველად ჩაუტარდა 2018 წლის 18 სექტემბერს. ოპერაციას მეთვალყურეობდა და ზედამხედველობდა ცნობილი იტალიელი ექიმი რობერტო აგაცი. მოცემული ოპერაციის დადებით შედეგებზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ პაციენტს მნიშვნელოვნად მოეხსნა პათოლოგიით გამოწვეული ჩივილები.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, პაციენტმა კვლავ იგრძნო დისკომფორტი, იტალიელ ექიმებთან განმეორებითი კონსულტაციის შედეგად და მისი მოთხოვნით, 2018 წლის 11 ნოემბერს დაიგეგმა ხელმეორე ოპერაცია. ოპერაციის დაწყებისას, ანესთეზიოლოგის მიერ პაციენტის ანესთეზიის პროცესში მისი მდგომარეობა გაუარესდა და მიუხედავად, იტალიელ-ქართველი ექიმების ჯგუფის მზაობისა,ქირურგიული ჩარევის მაგივრად საჭირო გახდა რეანიმაციული ქმედებების განხორციელება.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სრულიად გაუგებარი და აუხსნელია, სად იკვეთება თაღლითური ქმედების ნიშნები”.- წერია განცხადებაში.

საავადმყოფოს მტკიცებით, უსაფუძვლო და მცდარია პროკურატურის განცხადება, რომლის მიხედვით, დაკავებულ ექიმს, ვახტანგ ყიფიანს არ გააჩნდა შესაბამისი ლიცენზია მოცემული სერვისის ჩასატარებლად. ასევე, ცენტრალური საავადმყოფო უარყოფს, რომ კლინიკის დირექტორმა გიორგი ლობჟანიძემ ჯეროვნად არ შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა და დაუდევრად მოეკიდა პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობისთვის თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი და ამავე კლინიკის ექიმი დააკავეს.   

პროკურატურის ინფორმაციით, 2018 წელს კლინიკაში არალიცენზირებულმა ექიმებმა პაციენტი დაარწმუნეს, რომ მისი გამოკვლევები იტალიაში გადააგზავნეს და ოპერაცია 2-ჯერ ჩაუტარეს. პაციენტი 2018 წლის 11 დეკემბრიდან კომაშია.

კლინიკის დირექტორს ბრალი 220-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინეს, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს და 5-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის განცხადებით, მეორე ექიმი, რომელმაც ოპერაცია ჩაატარა, საზღვარგარეთაა და საგამოძებო ორგანოში გამოცხადებას თავს არიდებს. უწყების ცნობით, მას ბრალი დაუსწრებლად, 246-ე მუხლის 1-ლი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახით 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.