თეთრიწყაროში, სასტუმროში იმ წამლის ანოტაცია იპოვეს, რომელიც ბაჩალიაშვილის მანქანაში იდო

თეთრიწყაროს სოფელ საღრაშენში, ვილა ალგეთში ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების თქმით, სასტუმროს ერთერთ ოთახში იმ წამლის ანოტაცია იპოვეს, რომელიც ბაჩალიაშვილის მანქანაში იდო.

მათი ინფორმაციით, სამართალდამცავები დრონებით ბაჩალიაშვილს სწორედ ამ სასტუმროს ტერიტორიაზე ეძებდნენ, რაც კადრებშიც ასახულია.

“წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა იქ ჰყოლოდათ თამარ ბაჩალიაშვილი. იქ არის ოთახი, არის საწოლი, ამოღებულია ნივთმტკიცებით სახით კონკრეტული ანოტაცია წამლის. ახლა იძახის მეპატრონე, რომ ეს ჩემი წამალი არ არის, არ ვიღებ ასეთ წამალს და საიდან მოიტანეთო. თუ კვალი არ ამოვიდა, კიდევ ერთი ეჭვია იმისა, რომ ტერიტორია შეიძლება იყოს გასუფთავებული”,– ამბობს ადვოკატი ეკა გობესაშვილი.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ამ სოფელთან არის გზები, საიდანაც შეიძლება ისე გადაადგილდეს ავტომობილი, რომ მთავარ გზაზე არ მოხვდეს.

“მთავარი არის ადგილობრივი მოსახლეობის პოზიცია, რომ თქვენ სწორ ადგილას მობრძანდით. ეს უკვე ძალიან ბევრის ნიშანია. ჩვენც ვეძებთ იმ სწორ ადგილს და მისამართს, საიდანაც ხდებოდა გადაყვანა იმ ე.წ. შემთხვევის ადგილზე, სადაც ვითომდა 5 დღე იდგა ავტომობილი”,– ამბობს რამიშვილი ტვ პირველთან საუბრისას.

ცნობისთვის, სოფელი საღრაშენი გოლთეთისა და მაწევანის მეზობლად მდებარეობს.

ამ დროისთვის სასტუმროში საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს, რომელშიც ადვოკატებიც არიან ჩართული.