თითქმის აღარ განვიხილავ – მელია თბილისის მერად კენჭყისრაზე

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია “ამერიკის ხმასთან ინტერვიუში” ამბობს, რომ თბილისის მერობის კანდიდატობას თითქმის აღარ გაიხილავს. როგორც მელია განმარტავს, ეს მისთვის შემაფერხებელი ფაქტორი იქნება.

“სიმართლე გითხრათ, [თბილისის მერობის კანდიდატობას] თითქმის აღარ განვიხილავ, ისევე, როგორც არ განვიხილავდი ციხიდან გამოსვლის შემდეგ, უბრალოდ, ანგარიშს ვუწევ ჩემს კოლეგა, პარტნიორი პარტიების წარმოამადგენლებს, სხვა ადამიანებს, ვინც დაინტერესებულია გამარჯვებით. ჩემთვის მთავარია შედგეს გამარჯვების კამპანია. მე ყველა შემთხვევაში ვიქნები ბრძოლის ავანგარდში.

სიმართლე გითხრათ, თბილისის მერობის კანდიდატობა ჩემთვის შემაფერხებელი ფაქტორი იქნება, მქონდეს შესაძლებლობა, ჩავატარო კამპანია ეროვნულ დონეზე. თუკი ხარ თბილისის მერობის კანდიდატი, ზუგდიდში ნაკლებად მოახერხებ ჩასვლას, არადა, ნამდვილად მიმაჩნია, რომ ზუგდიდშიც უნდა ვიყო და ქუთაისშიც. მთავარია, საერთო კანდიდატი იყოს თბილისში და დიდ ქალაქებში, არ არის აუცილებელი იყოს ნიკა მელია”,– ამბობს ის.

მელია აღნიშნავს, რომ საერთო კანდიდატებზე გადაწყვეტილებები მაქსიმუმ 2-3 კვირაში უნდა მიიღონ.