თურნავა: ნამახვანის კაშხლის მშენებლობა რამდენიმე თვეში არ დაიწყება

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ნამახვან ჰესის კაშხლის მშენებლობა რამდენიმე თვით შეჩერებულია.

“მსურს მივმართო საპროტესტო აქციის მონაწილეებს – ის მიზეზი, რაც იწვევდა მათ გულწრფელ შეკითხვებს  და წუხილს ნამახვანიჰესის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად დღეს მოხსნილია – კომპანიასთან შეთანხმებით, კაშხლის მშენებლობა გადაიდო და ის არ დაიწყება უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიდრე ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი. კომპანია, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დღეს ახორციელებს საგზაო სამუშაოებს,” – თქვა თურნავამ.

ის ირწმუნება, რომ ვიდრე მოსახლეობას არ დაარწმუნებენ კაშხლის უსაფრთხოებაში, მშენებლობას არ დაიწყებენ.

“მზად ვართ, თითოეულ ამ კვლევაზე ვისაუბროთ – რა კითხვები არსებობს, როგორ გავაუმჯობესოთ საჭიროების შემთხვევაში და ვიდრე არ გვექნება სრული გარანტიები და ეს გარანტიები არ იქნება ცნობილი მოსახლეობისთვის, ვიდრე არ დავარწმუნებთ  მათაც, რომ ნამახვანი ჰესის კაშხალი არის რეალურად უსაფრთხო, რაშიც ჩვენ ვართ დარწმუნებულები, მაგრამ გვინდა, რომ მეტი ნდობა შეიქმნას მოსახლეობაში. მანამდე კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება, – აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, შსს-ს ნამახვანთან მისასვლელი გზები გადაკეტილია და იქ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ შსს ინტერნეტს ახშობს, თუმცა უწყება ამას უარყოფს.