თუ ასე გაგრძელდა ინფიცირებულთა მატება, არჩევნების გადადებაზე უნდა ვიფიქროთ – ბურჯანაძე

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ თუ ინფიცირებულთა მატება გაგრძელდა, არჩევნების გადადებაზე სერიოზულად უნდა იფიქრონ.

“თუ ასე გაგრძელდა ინფიცირების მატება, ჩაკეტილი სივრცეების და შეზღუდვების რაოდენობა, მაშინ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ არჩევნების გადადებაზე. ამ ვითარებაში არჩევნების ჩატარება შეუძლია მხოლოდ ხელისუფლებას, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული რესურსი, ადგილზე ჰყავს პოლიცია, სუს-ი, კუდ-ი, გამგეობა და ა.შ. პირდაპირ, ვერტიკალით აძლევენ დავალებებს ქვეშევრდომებს, ხოლო ოპოზიცია მოკლებულია ადამიანებთან პირდაპირი კონტაქტის შესაძლებლობას. ჯერ ვერ გეტყვით, ამავე აზრზე არიან თუ არა სხვა ოპოზიციური პარტიები, ამ ორი სამი დღის განმავლობაში მხოლოდ ფრაგმენტული საუბრები მქონდა. ჩვენ გვაქვს საერთო ოპოზციური ჩატი და ამ ჩატში დავიწყებთ თემის განხილვას. არ გამოვრიცხავ ამას საგანგებო შეხვედრაც მივუძღვნათ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ის რეგიონები ჩაკეტილია, სადაც მხარდამჭერები ჰყავს.

„ვფიქრობ ოპოზიცია უნდა შევიკრიბოთ და ძალიან სერიოზულად ვიფიქროთ. ხელისუფლებას ახლა აწყობს არჩევნები, ამიტომ შეეცდება სხვადასხვა მექანიზმებით არჩევნები არ გადადოს. ოპოზიციას იმედი გვქონდა, რომ პანდემია არ გამწვავდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დაინტერესებული ვართ არჩევნები ჩატარდეს კონსტიტუციურ ვადაში და ქვეყანამ დაიწყოს კრიზისიდან გამოსვლა, ვხედავ, რომ მაგალითად, ბათუმი და აჭარა მნიშვნელოვანწილად დაკეტილია, სადაც მე და ჩემს პარტიას გვყავს ძალიან სერიოზული მხარდამჭერები. ჩემი მცირე სამშობლო, ლეჩხუმი ჩაკეტილია, 4 სოფელში კორონავირუსზე ტესტები ტარდება. ახლა აღმოჩნდა, რომ სამწუხაროდ, თქვენს კოლეგასაც აღმოაჩნდა ტვ „პირველზე”,– ამბობს ბურჯანაძე პალიტრანიუსის ეთერში.

ცნობისთვის, დღეს კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.