თუ დღეში 15-20 პაციენტი იქნება, ალბათ შევძლებთ, პრობლემა დიდი დანაკარგების გარეშე გადავლახოთ- ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თუ კორონავირუსით ინფიცირებულთა მატება ასე გაგრძელდა და დღეში 15-20 პაციენტი დაემატა, ალბათ შესაძლებელი იქნება პრობლემის დიდი დანაკარგების გარეშე გადალახვა.

მისი თქმით 115-დან 148-მდე ასვლა არ არის ბევრი შიდა გავრცელების ფონზე.

„დადასტურებული შემთხვევებიდან ჩვენთან 40 პაციენტი მკურნალობს. ორი არის ახალი და მათი ინფიცირების წყარო ის კონტაქტები არიან, ვინც ჩვენთან მანამდე იწვა. ჩვენ გვყავს სულ ორი კრიტიკული პაციენტი, თუმცა სტაბილიზაციის ნიშნები შეინიშნება, ხოლო დანარჩენი სამის შემთხვევაში სტაბილიზაცია მიღწეულია.

ასე თუ გაგრძელდა, ისინი კრიტიკული შემთხვევებიდან ამოიწერებიან. 115-დან 148-მდე ასვლა დიდი რიცხვი არ არის, თუ ასე გავაგრძელებთ, ალბათ შევძლებთ, რომ ეს დიდი პრობლემა გადავლახოთ დიდი დანაკარგების გარეშე. თუ ასე გაგრძელდება და დღეში იქნება 15-20 პაციენტი, ეს არ არის დიდი ტრაგედია. ეს ციფრები მისაღებია იმ ფონზე, როცა ვსაუბრობთ შიდა გადაცემაზე. ჯერ ყველაფერი კონტროლირებადია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

დღეს დილის მონაცემებით, COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა, ხოლო 27 გამოჯანმრთელდა.