“თუ მაჟორიტარებზე შეთანხმება იქნება, ყველამ მადას უნდა დაუწიოს” – ელისაშვილი კენჭისყრას აპირებს

ალეკო ელისაშვილი საკუთარი საზოგადოებრივი მოძრაობის პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებასა და მაჟორიტარად კენჭისყრას აპირებს – ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, ის არ აპირებს რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას და ამბობს, რომ ოპოზიციამ მისი პოზიციის შესახებ იცის. ელისაშვილი დღეს ოპოზიციის შეკრებას არ ესწრებოდა, თუმცა ამბობს, რომ ოპოზიციასთან კოორდინაციაშია:

“ხაზზე ვართ. საქმის კურსში ვართ, ჩვენი პოზიცია იციან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება თუ მაჟორიტარებზე ერთმანეთს ხელს არ შევუშლით, დანარჩენზე ჩვენ არავისთან გაერთიანებას არ ვაპირებთ.

სერიოზულად ვფიქრობ (მაჟორიტარ კანდიდატობაზე), იქნება ეს ალბათ შეთანხმების ნაწილი. თუ მაჟორიტარებზე შეთანხმება იქნება, ყველამ მადას უნდა დაუწიოს და ბოლო რამდენიმე არჩევნების შედეგებით ვიხელმძღვანელოთ.“–აცხადებს ელისაშვილი.

ის დარწმუნებულია, რომ გიორგი რურუაც გათავისუფლდება. ელისაშვილი  ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” უცნაური თვისება აქვს, როცა “იარაღს ხელში მიაწვდი, ფეხში იმიზნებს და თვითდაზიანებას იღებს”. მისი აზრით, მმართველმა გუნდმა სწორედ ეს გააკეთა, როცა 8 მარტის შეთანხმების დარღვევა დააპირა.