თუ მართლა რევოლუცია გვინდა, უნდა ვიყოთ მზად მსხვერპლისთვის – გირჩის ერთ-ერთი ლიდერი

პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ უახლოეს დღეებში “პარლამენტი აღარ გვექნება”, როდესაც ოპოზიციას მანდატები გაუუქმდებათ, ამას კი რა მოყვება, რთულად პროგნოზირებადია.

მისი შეფასებით, “შეიძლება აღმოვჩნდეთ ჭაობში, შეიძლება ტირანიისკენ წავიდეთ, ან შეიძლება მოხდეს რევოლუცია”, ოპოზიციას კი გეგმა არ გააჩნია.

რაქვიაშვილის თქმით, რევოლუციას მსხვერპლი მოყვება, ამიტომ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

“მშვიდობიანი რევოლუცია არის ოქსიმორონი. ასეთი რაღაცები არ ხდება. ჩვენ არ შეგვიძლია, დავიწყოთ რევოლუცია, თუ არ ვართ მზად, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ, მაგალითად, პოლიციას. მე სამჯერ ვიყავი დარბეულ აქციაზე ბოლო წელიწად–ნახევარში, ხომ ვიცით, რომ ჩვენი მთავრობა გამოიყენებს ძალას, თუ მართლა რაღაც სერიოზული აქცია ჩატარდება. ჩვენ საპასუხოდ რას ვიზამთ, არ ვუპასუხებთ, გავიქცევით? მაშინ რევოლუცია არ შედგება. და თუ ვუპასუხებთ, იქ მსხვერპლი შეიძლება მარტივად გაჩნდეს.

ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ამ მსხვერპლისთვის, თუ მართლა რევოლუცია გვინდა. არ უნდა მოვატყუოთ ერთმანეთი, რომ რაღაც მშვიდობიანი რევოლუციები გვინდა, როგორც ოპოზიციის განცხადებაში იყო, რომ მოლაპარაკება მინდა, არადა პოზიცია ისეთი აქვს დაკავებული, რომ მოლაპარაკებებს სინამდვილეში შლის”,– თქვა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ტვ პირველის ეთერში.