თუ ტემპერატურა აგიწევს, არ დარეკო იმ წუთში 112-ში – იმნაძის რეკომენდაცია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე მოსახლეობას მოუწოდებს, თუ ტემპერატურა აუწევთ, მაშინვე 112-ში ნუ დარეკავენ, თუკი კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტი არ ჰქონიათ.

„ჩვენი მოსახლეობის შეგნება არის ყველაზე მნიშვნელოვანი არა მარტო დისტანციის დაცვასა და ნიღბის ტარებაში, არამედ თუ ტემპერატურა აგიწევს, არ დარეკო იმ წუთში 112-ში, თუ არ თვლი, რომ ნამდვილად კორონიანთან გქონდა კონტაქტი და თვითიზოლაციაში გადახვიდე. შესაძლოა, ამ დროს ვიღაცას მართლაც სჭირდება სასწრაფო და ის თქვენი ზარით არის დაკავებული. ეს უნდა ითქვას, რეალობაა“, – განაცხადა იმნაძემ პალიტრანიუსის ეთერში.

მისივე თქმით, წერტილოვანი შეზღუდვები ყოველთვის იქნება საჭირო, თუმცა ქვეყანა ვერ გაჩერდება. იმნაძე აღნიშნავს, რომ “კორონა კიდევ დიდხანს იქნება”, მაგრამ “ქვეყანამ უნდა იცხოვროს, უნდა ისწავლოს, ოღონდ ყველამ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ თავი“.