თუ ჩხარტიშვილმა გამოააშკარავა, რაც ხდებოდა ციხეებში, ჯილდო უნდა გადაეცეს – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ეხმიანება ტვ პირველის გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ე.წ. ციხის კადრების გავრცელების დამფინანსებელი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი იყო.

“თუ ვანო ჩხარტიშვილის გამოააშკარავებულია ის, რაც ხდებოდა ციხეებში, გამოძიება კი არა, ძალიან დიდი ჯილდო უნდა გადაეცეს ამ ადამიანს. ფაქტიურად ფარდა ახადა იმ დიდ უბედურებას და წამებას, რომელიც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში”,– ამბობს კალაძე.

მისივე თქმით, 2012 წლის შემდეგ საქართველოში “ვერასდროს დაბრუნდება მოძალადე და მწამებელი ხელისუფლება”.

,,ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ეს ჩანაწერები მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით იყო გავრცელებული, საქართველოში საუბედუროდ იყო წლები როდესაც აწამებდნენ ადამიანებს. ეს იყო ძალიან მძიმე და ნამდვილად მიჭირს, ამ ყველაფრის გახსენება. არსებობს ამის დამადასტურებელი ძალიან ბევრი ვიდეომასალა, ის რაც ვნახეთ, როდესაც გადამალულ კასრებში ინახავდნენ ამ საშინელებათა ფილმებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“ტვ პირველის” ინფორმაციით, ე.წ. ციხის კადრების გავრცელების დამფინანსებელი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი იყო. ტელეკომპანიამ გაავრცელა აუდიო ჩანაწერიც, რომელშიც ვანო ჩხარტიშვილი ლადო ბედუკაძეს გავრცელებულ კადრებზე და თანხების გადანაწილებაზე ესაუბრება.