თქვენი დამსახურებაა ოპოზიციური ძალის ოფისის დარბევის კადრები რომ არ ტრიალებს მსოფლიო მედიაში – ელისო კილაძე გახარიას

“თქვენი დამსახურებაა ოპოზიციური ძალის ოფისის დარბევის კადრები რომ არ ტრიალებს მსოფლიო მედიაში “- ამის შესახებ, გაზეთ “ქრონიკა პლუსის” რედაქტორი ელისო კილაძე საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ჰიტად ქცეული “სელფის” კომენტარებში წერს. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ფოტო გუშინ საღამოს, ადმინისტრაციის თანამშრომლებთან გამომშვიდობების შემდეგ დადო. გახარიას “ფეისბუქის” მომხმარებლები კომენტარებში უწერენ, რომ პოლიტიკაში ისევ ელოდებიან, ზოგი კი მადლობას უხდის.

“მიიღეთ ჩემი პატივისცემა-თქვენ თქვენი გადადგომით ქვეყანას სახე შეუნარჩუნეთ-თქვენი დამსახურებაა დღეს ოპოზიციური ძალის ოფისის დარბევის და ლიდერების დაჭერის კადრები რომ არ ტრიალებს მსოფლიო მედიაში.გმადლობთ,ბ-ნო პრემიერო ! და პერსონალური მადლობა ჩემგან იმისთვის,რომ ჩადება მოსპეთ და ჩამდებები სისტემას მოაშორეთ !”- წერს კომენტარებში ელისო კილაძე.

სოციალურ ქსელში ჰიტად ქცეულ ფოტოს სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილიც გამოეხმაურა რომელმაც საზოგადოებას შეახსენა 20 ივნისი და  ახალგაზრდებისთვის დათხრილი თვალი, რომელიც კვლავ გიორგი გახარიას კისერზე რჩება.

“გახარია-თვალთხარიას გამოსამშვიდობებელი ფოტოს დალაიქების დროს მარცხენა თვალი ხომ არ გეწვით მაკოსავით, გიორგისავით? ან იქნებ კობა ლეთოდიანივით ორივე თვალის ბადურა გეშლებათ?

გახარია-თვალთხარიას გამოსამშვიდობებელი ფოტოს დალაიქების დროს გულის არეში ტკივილს ხომ არ გრძნობთ, ია კერძაიას რომ ქონდა სიკვდილის წინ, იმ ტკივილს ვგულისხმობ?!
გახარია-თვალთხარიას გამოსამშვიდობებელი ფოტოს დალაიქების დროს სპეცრაზმელის მოქნეული ხელჯოხის სიმწარეს ხომ არ გრძნობთ ბასიანში საცეკვაოდ მისული ასეულობით ახალგაზრდასავით?

გახარია-თვალთხარიას გამოსამშვიდობებელი ფოტოს დალაიქების დროს ქვეყნის ღალატისთვის დაპატიმრებული კარტოგრაფებივით ხომ გენგრევათ (სამუდამოდ და გამოსწორების შანსის გარეშე?) ფსიქიკა?

გახარია-თვალთხარიას გამოსამშვიდობებელი ფოტოს დალაიქების დროს გაღატაკებული ადამიანებივით უსუსურობის შეგრძნება არ გეუფლებათ?!
არა ხო?

მაშინ იცოდეთ:

თვალდასათხრელი, გულგასახეთქი, ღალატისთვის დასაჭერი, შიმშილით სიკვდილისთვის გასაწირი ადამიანები რომ გამოილევიან “აქეთ”, მერე “თქვენთან” მოვლენ და როცა თვალებს დაგთხრიან, გულებს დაგიხეთქავენ, უმიზეზოდ ქვეყნის ღალატს დაგაბრალებენ, ბოლო ქონებას წაგართმევენ… დამცველიც არ გეყოლებათ!”- წერს გიგა მაქარაშვილი.

გამოსამშვიდობებელ სელფს გამოეხმაურა გია ხუხაშვილიც:

“ორზე ცოტა მეტი სიტყვა გახარიას ლაიქებსა და დისლაიქებზე. პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩვენში მხოლოდ პოლიტიკური ელიტა კი არა, მთელი საზოგადოებაა პოლარიზებული და რადიკალიზებული. შუა აქაც გაკრეფილია – ან ანგელოზი ხარ, ან უკანასკნელი ნაძირალა. მიუხედავად იმისა, რომ სულ ვწუწუნებთ და ცვლილებებს ვითხოვთ, რეალურად არაფრის შეცვლა არ გვინდა. სინამდვილეში გახარია არც ანგელოზია და არც ნაძირალა, უბრალოდ ისტორიულმა პროცესმა ის დატვირთა როგორც ცოდვებით, ასევე წარმატებებით. ჩვენც მას, ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანს,ასე უნდა შევხედოთ, მთელი თავისი სირთულეებით და არა ზედაპირულად, პლაკატურად ვაფასოთ საკუთარი შეხედულებების, ან პოზიციების შესაბამისად. ფაქტი ერთია – მისმა დღევანდელმა ნაბიჯმა გააჩინა პოლიტიკური პროცესის კორექტირების შანსი უკეთესობისკენ. ანუ, კრიზისიდან გამოსვლისთვის მან გააკეთა იმაზე მეტი, ვიდრე მთელმა პოლიტიკურმა ელიტამ ხელისუფლებიან, ოპოზიციანად. ჩვენ კი ნაცვლად იმისა, რომ ეს შანსი დავინახოთ და გამოვიყენოთ, მისი ძველი ცოდვების განხილვით ვართ დაკავებული, ან მისი პერსონით აღფრთოვანებული. მეგობრებო, მისი დღევანდელი ნაბიჯის დაფასება არ ნიშნავს ძველი ცოდვების განულებას.მისი პლიუსების და მინუსების სალდო შედგება და დავინახავთ რა გადაწონის.ახლა ვიფიქროთ იმაზე, როგორ გამოვიყენოთ შანსი, რომელიც მისმა გადადგომამ გააჩინა. ეს არის მთავარი.”- წერს გია ხუხაშვილი.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის სელფი, რომელიც მან გუშინ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა, სოციალური ქსელი დაიპყრო.