ივანიშვილი ყველგანაა, ჩიტში, გვრიტში, არის ტიკარაძეში, არის გომელაურში – გოცირიძე

ენმ–ს წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ძალაუფლების ფლობით განისაზღვრება.

“ივანიშვილის პოლიტსაბჭო ნათელი მაგალითია იმის, წავიდა თუ არა ის [პოლიტიკიდან]. რა არის წასვლის კრიტერიუმი? აქვს თუ არა მას ზემოქმედება ხელისუფლებაზე და არა ის, რომ ის შუშის სასახლიდან ჭორვილაში გადავიდა ან თბილისიდან საფრანგეთში წავიდა. კრიტერიუმი ძალაუფლების ფლობაა ან არფლობა.

შევხედოთ პოლიტსაბჭოს, მან ორ კატეგორიად დაყო მინისტრები, დაცულებად და დაუცველებად, მინისტრებად, რომლებიც ხელშეუხებლები არიან, რომლებიც არიან მისი ალტერეგო, მისი განსახიერება. როგორც მისი იდეოლოგები იტყოდნენ: ივანიშვილი ყველგანაა, ჩიტში, გვრიტში, არის ტიკარაძეში, არის გომელაურში”,– ამბობს გოცირიძე.

მისი ინფორმაციით, “დაცული მინისტრები” არიან თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

” რომ შევაჯამოთ, ივანიშვილის წასვლა/არ წასვლა, ყველა მთავარი ბერკეტი მან დაიტოვა, ის, რომ კომუნიკაცია არ იქნება ხშირი და არ იქნება მუდმივი სატელეფონო კავშირი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა არ იცის როგორ უნდა მოიქცეს ან გომელაურმა და ცქიტიშვილმა. არავითარი კავშირი მათ არ სჭირდებათ, როცა საჭირო იქნება, კავშირიც იქნება და კომუნიკაციაც”,– თქვა გოცირიძემ.