“ილორის ტაძარს ხატი შევწირეთ“–ინაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის ფოტოებს აქვეყნებს

“2020 წლის 18 აგვისტო. აფხაზეთი. ილორის ტაძარი.

მე და გიორგი ლომიამ ილორის ტაძარს ღვთისმშობლის ხატი შევწირეთ- ილორის ღვთისმშობელი, სასოგადაწურულთა შემწყლებელი და აღმამაშენებელი. შეგეწიოთ! “– ამ წარწერით აქვეყნებს ფეისბუქზე პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში გადაღებულ ფოტოებს.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერების  ოკუპირებულ რეგიონში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მთავარმა არხმა გაავრცელა. მოგვიანებით, აფხაზეთის ომის ვეტერანთა ორგანიზაციამ არუაამ განაცხადა, რომ ალიანსის ლიდერები სეპარატისტული აფხაზეთის “ლიდერის, “ ასლან ბჟანიას დამხმარე, ლაშა საკანიამ მიიღო, რაც საკანიამ ჯერ უარყო ოფიციალური განცხადებით, შემდეგ კი დაადასტურა.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერის ვიზიტს ოკუპირებულ რეგიონში კრიტიკა მოჰყვა. პატრიოტთა ალიანსში ვიზიტთან დაკავშირებით არ აკეთებდნენ. ინაშვილმა აფხაზეთში სტუმრობის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 24 აგვისტოს დაადასტურა.

საყანია აფხაზურ მედიასთან აცხადებდა, რომ ეს არ იყო ოფიციალური შეხვედრა და პარტიოტთა ალიანსის ლიდერებს “ჰუმანიტარული მისიით” შეხვდა. “რუსი მეგობრების” მხარდაჭერით დაგეგმილი შეხვედრის მიზანი კი დავით თარხან-მოურავისგან ოჩამჩირეში მდებარე ილორის ეკლესიისთვის ღვთისმშობლის ხატი გადაცემა იყო.

„აგვისტოს დასაწყისში მე მომმართეს, ჩემმა ძველმა მეგობრებმა რუსეთიდან თხოვნით, დავხმარებოდი, ილორის ტაძრისთვის საქართველოდან ღვთისმშობლის ხატის გადაცემაში. ასეთი თხოვნით მათთვის დავით თარხან-მოურავს მიუმართავს. შესაბამისად, ჩემმა რუსმა მეგობრებმა მთხოვეს ორგანიზება გამეკეთებინა მათი ჩამოსვლისა და ხატის შეწირვისთვის, რაც გავაკეთე კიდეც. ამით ეს მისია დასრულდა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც მე და არც ალექსანდრე აგრბას, რომელსაც ვთხოვე წამოსულიყო ჩემთან ერთად, არავითარი მოლაპარაკება არ გაგვიმართავს. ეს იყო სუფთა ჰუმანიტარული აქცია, პოლიტიკური ასპექტებისა და შედეგების გარეშე. ხატის გადაცემის შემდეგ ადამიანებმა ილოცეს და ამით მათი ვიზიტი დასრულდა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ როგორც „აფხაზი ხალხის სამამულო ომის“ მონაწილის შვილი, ყოველთვის ვიცავ და დავიცავ, ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს. თუ საჭიროა, მზად ვარ წავიდე ანიხაზე (აფხაზთა წმინდა სალოცავი) და დავიფიცო, რომ არავითარი პოლიტიკური მოლაპარაკება არ მქონია.

მე გაცნობიერებულად, არ ჩავაყენე ამ ვიზიტის თაობაზე საქმის კურსში „გალის რაიონის უფროსი“ და ჩვენი “საგარეო მინისტრი”, რომ ამ ღონისძიებას რაიმე ოფიციალური სტატუსი არ ჰქონოდა“ – განაცხადა ბჟანიას “თანაშემწე” საკანიამ.