ისრაელში მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულების წინ განმეორებითი კარანტინი ცხადდება

ისრაელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მომავალ პარასკევს ქვეყანაში სამკვირიანი კარანტინი ამოქმედდება, რომელმაც კორონავირუსის გავრცელება უნდა შეაჩეროს. ისრაელში, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 9 მილიონია, ბოლო კვირების განმავლობაში ყოველდღიურად კორონავირუსის 4 000–მდე ახალი შემთხვევა ვლინდება.

ამგვარად, ისრაელი პირველი სახელმწიფო იქნება მსოფლიოში, რომელიც თავის ტერიტორიაზე საკარანტინო ზომებს განმეორებით გამოაცხადებს. ისრაელის ხელისუფლებას კარანტინი მარტის ბოლოდან მაისის დასაწყისამდე ჰქონდა გამოცხადებული, როცა მსოფლიოს კორონავირუსის პირველმა ტალღამ შეუტია.

რას გულისხმობს ისრაელში შემოღებული მკაცრი ზომები:

  • შენობაში იკრძალება 10 ადამიანზე მეტი ჯგუფის შეკრება, ქუჩაში კი 20 შეკრებილი ჯგუფის წევრების რაოდენობა 20–ს არ უნდა აღემატებოდეს.
  • იხურება სკოლები და სავაჭრო ცენტრები.
  • ქვეყნის მოქალაქეებს სახლიდან 500 მეტრზე მეტი მანძილით დაშორება მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, თუ სამსახურში მიდიან.
  • არასახელმწიფო დაწესებულებები და კომპანიები არ იხურება, თუმცა კლიენტების მიღება არ შეუძლიათ.
  • მუშაობას განაგრძობს სუპერმარკეტები და აფთიაქები.

გადაწყვეტილება ისრაელის ხელისუფლებამ დაავადებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის ფონზე იმის შიშით მიიღო, რომ ინფექცია მორწმუნეთა შორის გავრცელდება, რომლებიც მალე მნიშვნელოვან რელიგიურ დღესასწაულებს აღნიშნავენ. მათ შორის, ებრაულ ახალ წელს, რომელიც მომავალ პარასკევს დადგება.  წელს 27 სექტემბერს კი იუდაიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული – იომ ქიფური აღინიშნება.