ის ხალხი ქვეყანას ემსახურებოდნენ და არ შეიძლება გავწიროთ ვიღაცების გაუაზრებელი მითითებებით – მეუფე ვახტანგი “კარტოგრაფების საქმეზე”

ცურტაველი მიტროპოლიტი, მეუფე ვახტანგი ამბობს, რომ არ შეიძლება, გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები “ასე გავწიროთ”,”ვიღაცების გაუაზრებელი მითითებებით”. მისი აზრით ეს ხალხი სიმართლეს ემსახურებოდა. ამის შესახებ მან დღეს, 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის წირვაზე შესვლამდე, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ის ხალხი ქვეყანას ემსახურებოდა და არ შეიძლება, ასე გავწიროთ, ვიღაცების ასე გაუაზრებელი მითითებებით, თუ რას აკეთებენ, არ ვიცი. არ ვიცი, ვინ მიიყვანა ეს ხალხი ასეთ ზომამდე. ჯერ არაა გადაწყვეტილი ეს საკითხი და რატომ ღელავს ეს ხალხი, არ ვიცი.

გამოძიებას თუ უნდა ჭეშმარიტების დადგება, ესეც გაირკვევა მოკლე დროში. მე ასე მწამს, რომ ეს ხალხი თავის საქმიანობაში სიმართლეს ემსახურებოდა. დაამტკიცებს დრო. 2-ში, 3-ში გაირკვევა ყველაფერი”, – თქვა მეუფე ვახტაგმა. მისი აზრით  ყველაფერს “გაარკვევს და გადაწყვეტს” არჩევნები:

“კმარა ასეთი ცხოვრება. ახალი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ერის საკეთილდღეოდ. ყველა შესაცვლელია, ახალი სახე უნდა მოვიდეს ქვეყანაზე, ეროვნული ღირსებით, რომელიც რაღაცას გააკეთებს”.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრებს, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 8 ოქტომბერს შეუფარდა.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.

თავად დაკავებულები მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ.