იტალიის ყველაზე დაზარალებულ ქალაქში ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება

იტალიის ქალაქი ბერგამო, რომელიც ცოტა ხნის წინ კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრი იყო ახალ ფაზაზე გადაწყობას ცდილობს.

კვირის დასაწყისში თვითზოლაციის პირობები ქალაქში შემსუბუქდა. თუმცა ავტომანქანების მძღოლებმა კვლავ დოკუმენტურად უნდა დაამტკიცონ, რატომ გადაწყვიტეს საჭესთან დაჯდომა. კონტროლისთვის დამატებითი გამშვები პუნქტები მოქმედებს.

დამცავი ნიღბების ტარება სავალდებულოა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმა 400 ევროა.

მიუხედავად გადაადგილების შედარებითი თავისუფლებისა, ქალაქის ბევრი მაცხოვორებელი ჩივის, რომ თავს გამომწყვდეულად გრძნობს და ძველებური ცხოვრების დაბრუნებაზე ოცნებობს.

“თავს კარგად ვგრძნობ. ერთადერთი, მეგობრების ნახვა არ შემიძლია. არ შემიძლია საცეკვად წასვლა ან კაფეში დალევა. ქუჩაში ყავაზე გამოვედი, მაგრამ კაფეში შესვლა არ შემიძლია. გარეთ უნდა დავლიო“– ამბობს ქალაქის მცხოვრები ახალგაზრდა ქალი.

ქალაქში სასწრაფო დახმარების მანქანების სიგნალები კვლავ ახსენებს მოსახლეობას კორონავირუსის საფრთხის შესახებ.

ბერგამო ლომბარდიის რეგიონის ქალაქია, რომელიც იტალიაში ყველაზე მეტად დაზარალდა და ასეულობით გარდაცვლილი ჰყავს.

სიტუაცია საავადმყოფოებში კვლავ დაძაბულია, თუმცა დაავადების ახალი შემთხვევების რიცხვი შემცირდა. თანაც ახლა უკვე სამედიცინო დაწესებულებები და აფთიაქები ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უკმარისობას აღარ განიცდიან. მათ შორის ნიღბები, სადეზინფექციო საშუალებები და ჟანგბადის ბალონები უკვე ადვილად ხელმისაწვდომია, განსხვავებით ეპიდემიის პირველი ფაზისგან.