კარგი იქნება, თუ გიგა ბოკერია გოიმობაში პირველობისკენ სწრაფვას გააგრძელებს – კობახიძე

უპრინციპობა, ღირებულებების არ არსებობა არის ჩემთვის ზუსტად გოიმობა და ეს სურათია ზუსტად წარმოდგენილი „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში , – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას რატომ გამოიყენა სიტყვა გოიმი ოპოზიციის მისამართით.

როგორც კობახიძემ განაცხადა, ოპოზიციის წარმოამდგენლებს, სიტყვა-გოიმი, „ძალიან ეტკინათ“.

„ეს არის საერთო აღქმა მათი საუბრის, მათი თითოეული მოქმედების, რასაც ისინი აკეთებენ, ვიზუალური ეფექტი, რაც ხდება „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში. აი, ეს სიტყვა ასახავს ზუსტად, ზედმიწევნით ამ საერთო სურათს. ეს არის აღქმის საგანი და ეს ყველაფერი ზუსტად ემთხვევა საზოგადოების აღქმას და ძალიან ეტკინათ ეს სიტყვა ოპოზიციის წარმომადგენლებს“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, როგორც კობახიძემ განაცხადა, „ძალიან კარგი იქნება, თუ გააგრძელებს გოიმობაში პირველობისკენ სწრაფვას გიგა ბოკერია“

„საოცარია ეს ყველაფერი“, -დასძინა კობახიძემ.

კითხვაზე, გულისხმობს თუ არა ტერმინ – „პოლიტიკურ გოიმებში“ ოპოზიციის იმ წევრებს, რომლებიც ლეიბორისტული პარტიის ოფისში იკრიბებიან, კობახიძემ აღნიშნა, რომ აქ საუბარი იყო საერთო სურათზე.

„იმიტომ იყო საუბარი ოპოზიციაზე, რომ აქ არ არის საუბარი ინდივიდუალურ შეფასებაზე. მე გიგა ბოკერია არ ვარ, რომელიც ინდივიდს უწოდებს, მაგალითად, კლოუნებს. ასეთ სიტყვებს ხშირად იყენებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად ასეთი ეპითეტის გამოყენება სწორი არ არის. საუბარი იყო საერთო სურათზე, რომელიც წარმოდგენილია „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში და ეს არის საზოგადოების საერთო აღქმა. ძალიან მძიმე არის სურათი, რომელიც იქ არის წარმოდგენილი. მაგალითად, ნახეთ სურათი, როგორ აუწია ხელები ოქრუაშვილს უგულავას, იმ ორ პოლიტიკოსს, რომელსაც რა სიტყვებით ამკობდა მანამდე ნათელაშვილი და პირიქითაც, ძალიან კარგად გახსოვთ. აი, უპრინციპობა, ღირებულებების არ არსებობა, ღირსების არ არსებობა არის ჩემთვის ზუსტად გოიმობა და ზუსტად, ეს სურათია წარმოდგენილი „ლეიბორისტული პარტიის ოფისში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.