“კახა კალაძე, გამიცვლი მაისურს?” – სამოქალაქო აქტივისტების პასუხი თბილისის მერს

“კახა კალაძე, გამიცვლი მაისურს?” – სამოქალაქო აქტივისტები თბილისის მერს მიმართავენ.

ვარკეთილში, სკვერის გახსნის დროს მომხდარ ინციდენტში მონაწილეები კახა კალაძეს სპეციალურად მისთვის დამზადებულ მაისურს ჩუქნიან, სადაც ის მიხეილ სააკაშვილთან ერთად არის გამოსახული.

„მე არ ვმალავ ჩემს პოზიციას, არ მრცხვენია და ჩემს პრინციპებს არ ვღალატობ, მაგრამ თვითონ რომ ფარჩაკია და 2007 წელს, ყბადაღებული 7 ნოემბრის შემდეგ მიშას, იმ ხელისუფლებას რომ „აპრავებდა“ და მიშასთან სურათებს იღებდა, აი, ის ფოტო უნდა დავბეჭდო მაისურზე და მივუძღვნა ბატონ მერს, თავის მმართლებელს, ვაპირებ, რომ გავუგზავნო”, – განაცხადა მან.

რაც შეეხება კალაძის განცხადებას, რომ აქტივისტმა თავად შემოიხია მაისური, ის ამბობს, რომ კადრებში ყველაფერი ჩანს.

“რა სისულელეა, ვიდეოც არის, როგორ მქაჩავას, რა შემოვიხიე? ბოლო სიტყვებით იგინებოდა, მქაჩავდა, შენელებული კადრებიც არსებობს, ფოტოებიც, თან ხმაც ისმის, როცა ცუდ სიტყვებს მეუბნება”, – აღნიშნავს აქტივისტი.

სამოქალაქო აქტივისტებმა საპასუხო საჩუქრის გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც კახა კალაძემ გუშინდელი ინციდენტის შემდეგ, მოქალაქეს, რომელსაც მაისური შემოახია, ახალი აჩუქა, რომელზეც კახა კვეკვესკირი მიხეილ სააკაშვილთან ერთად არის აღბეჭდილი.

კახა კალაძე ჟურნალისტებთან დღეს მაისურებით გამოჩნდა. ვარკეთილის ინციდენტის მონაწილე აქტივისტის გარდა, დედაქალაქის მერმა მაისური “მთავარი არხისთვისაც” დაამზადებინა.

ცნობისთვის, ვარკეთილში, თბილისის მერ კახა კალაძესა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. დედაქალაქის მერი ვარკეთილში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე მივიდა. სკვერში მისულ კახა კალაძეს ადგილზე “ანას ბაღის” დამცველები და მოძრაობა “შეცვალეს” წევრები დახვდნენ. მათი განცხადებით, დედაქალაქის მერისთვის დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა სურდათ, თუმცა კალაძემ მათ ხელი დაარტყა. ერთ-ერთი აქტივისტის მტკიცებით, „კალაძემ მაისურიც შემოახია”. აქტივისტებმა კახა კალაძის წინაღმდეგ პოლიციას განცხადებით მიმართეს. დღეს კალაძე ამ ინციდენტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და კონფლიქტში მონაწილე აქტივისტს მაისური გაუგზავნა, სადაც ერთ მხარეს მისი და მიხეილ სააკაშვილის, მეორე მხარეს კი მისი და სანდრა რულოვსის ფოტოა აღბეჭდილი.