კოვაქსის პასუხი, რომ მთავრობამ ვერ/არ გაამზადა კონტრაქტები, განგაშის საფუძველია – დეკანოიძე

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე კოვაქს პლატფორმის განმარტებას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს განგაშის საფუძველია.

“კოვაქსის პასუხი ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რომ მთავრობამ ვერ/არ გაამზადა კონტრაქტები, დროულად არ იმოქმედა – არის განგაშის საფუძველი.

ყველა ქვეყანაში ამისთვის მთავრობა დაისჯებოდა და პოლიტიკურ ფასს გადაიხდიდა გადადგომით. გამყრელიძე/იმნაძე/ცერცვაცის ტყუილებით გამოგვკვებეს.. ეს არის დანაშაული”,– წერს დეკანოიძე.

“კოვაქსი აცხადებს, რომ თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს.

“თებერვლის ბოლოს ნაადრევი გზავნილები იმ ქვეყნებში განხორციელდა, რომლებმაც ჩვენს მიერ ერთიან განცხადებაში კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილეს. დამატებითი ინფორმაცია პირველი გზავნილების შესახებ ყველა მონაწილეს მომდევნო დღეებში ეცნობება, ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდება ონლაინ“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ „კოვაქს პლატფორმაში“.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომლებსაც ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს, მათი განმარტებით, „ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულმა რეგულატორმა ავტორიზება უნდა მისცეს შემოსატან ვაქცინას; ასევე, ყველა მონაწილემ ვაქცინის მწარმოებლებთან უნდა გააფორმოს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი, რათა „კოვაქსის პლატფორმიდან“ დოზების მიღება შეძლოს“.