კოვიდგადატანილებში იმუნიტეტი შესაძლოა მთელი ცხოვრება გაგრძელდეს – მეცნიერების ახალი დასკვნა

ადამიანებს, რომლებმაც Covid-19 გადაიტანეს კორონავირუსის მიმართ მდგრადი იმუნიტეტი უყალიბდებათ, რომელმაც შეიძლება პაციენტი განმეორებითი დაინფიცირებისგან ათწლეულების მანძილზე დაიცვას. თანაც იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაავადება შედარებით მსუბუქი ფორმით მიმდინარეობდა.

ასეთ მოულოდნელ დასკვნამდე პარალელურად ამერიკელ მეცნიერთა ორი კვლევა მივიდა. პირველი– სენტ–ლუისში მდებარე ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის  იმუნოლოგებმა ჩაატარეს და ჟურნალ Nature–ში გამოაქვეყნეს. მეორე კი ნიუ იორკში მდებარე როკფელერის უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის კოლექტივმა დაწერა. ამ კვლევას ჯერ სამეცნიერო საზოგადოების შემოწმება არ გაუვლია და მხოლდ პრეპრინტის სახით გამოქვეყნდა.

ბოლო დრომდე ითვლებოდა, რომ კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი დიდხანს არ გრძელდება. ასეთი დასკვნა მეცნიერებმა მრავალი კვლევის შედეგად გააკეთეს, რომლებმაც აჩვენა, რომ პაციენტების უმრავლესობაში სისხლში სპეციფიური ანტისხეულების კონცენტრაცია, რომლებიც ვირუსისგან დაცვას უზრუნველყოფენ სწრაფად იწყებს შემცირებას გამოჯანმრთელებიდან რამდენიმე თვის შემდეგ.

ექსპერტების უმრავლესობა ეფექტური იმუნური დაცვის ხანგრძლივობად დაახლოებით 1.5–2 წელს ასახელებდა, ასე რომ ახალი კვლევების შედეგები სასიამოვნო მოულოდნელობად იქცა.

თუმცა დამოუკიდებელი ექსპერტები ყველას მოუწოდებენ ახალ ამბავს თავშეკავებული ოპტიმიზმით შეხვდნენ და დროზე ადრე სიხარულს ნუ მიეცემიან.

ბოლოს და ბოლოს, სამეცნიერო ლიტერატურაშია აღწერილია COvid19-ით განმეორებითი ინფიცირების უკვე რამდენიმე დადასტურებული შემთხვევა, სამუდამო იმუნიტეტის ვერსია კი დღეისათვის ჯერჯერობით მხოლოდ თეორიად რჩება, მიუხედავდა იმისა, რომ ის ძალიან დამაჯერებლად გამოიყურება.

როგორ მოქმედებს დაცვა

სპეციფიურ იმუნიტეტს, ანუ რომელიმე კონკრეტული დაავადებისგან დამცავ იმუნიტეტს  ჩვენს ორგანიზმში არა მარტო სისხლი არსებული ცილოვანი მოლეკულა–ანტისხეულები უზრუნველყოფენ, არამედ ეგრეთწოდებული მეხსიერების T უჯრედებიც.

ახალი, უცნობი ინფექციის აღმგზნებთან შეხებისას ლიმფოციტები მტერს იმახსოვრებენ და უკვე ხელმეორედ დაინფიცირების შემთხვევაში მაშინვე იწყებენ საჭირო ფორმის გამანეიტრალებელი ანტისხეულების წარმოებას, რომლებიც სწრაფ და ეფექტურ იმუნურ პასუხს უზრუნველყოფენ.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერები თითქმის ერთი წლის მანძილზე 77 პაციენტის სისხლში ცვლილებებს აკვირდებოდნენ, რომლებმაც კორონავირუსი ძირითადად მსუბუქი ფორმით გადაიტანეს. ჰოსპიტალიზაცია მათგან მხოლოდ ექვსს დაჭირდა.

მთელი ამ დროის განმავლობაში დამცავი ანტისხეულების კონცენტრაცია, რომლებიც ავადმყოფს დაავადებასთან გამკლავებაში ეხმარებოდა, მუდმივად მცირდებოდა: თავიდან ძალიან სწრაფად, შემდეგ კი (გამოჯანმრთელებიდან საშუალოდ ოთხი თვის შემდეგ ) ცოტა უფრო ნელა.

თუმცა, როგორც კვლევის ავტორი, იმუნოლოგიის პროფესორი ელი ალებედი ყვება, გარკვეულ მომენტში ანტისხეულების რაოდენობა შემცირებას წყვეტდა და პლატოზე გადიოდა. მეხსიერების უჯრედები კი, რომლებიც კორონავირუსზე ინფორმაციას ინახავს აქტივობას განაგრძობდნენ და დამცავი მოლეკულების კონცენტრაციის პაციენტისთვის აუცილებელ მინიმალურ რაოდენობას ინარჩუნებდნენ.

“ჩვენ აღმოვაჩინეთ პაციენტებში უჯრედები, რომლებიც Sars-Cov-2–ის ვირუსის წინააღმდეგ ანტისხეულებს აწარმოებდნენ დაავადების სიმპტომების გამოვლენიდან 11 თვის შემდეგაც. ეს უჯრედები პაციენტის ორგანიზმში მანამ იცოცხლებენ და საჭირო ანტისხეულებს გამოიმუშავებენ, სანამ თავად პაციენტი ცოცხალია. ეს კი ნიშნავს, რომ იმუნიტეტი დიდხანს გაგრძელდება“ – ამბობს პროფესორი ელებედი.

სისხლის რეგულარული ანალიზების გარდა პაციენტების ნაწილისგან მეცნიერებმა ორჯერ აიღეს კვლევისთვის საჭირო ძვლის ტვინის ნიმუშები: თავიდან 7–8 თვის, შემდეგ კი დაინფიცირებიდან 1 წლის შემდეგ. სპეციფიური მეხსიერების  T ლიმფოციტები, რომლებიც კოვიდის ანტისხეულების წარმოებაზეა დაპროგრამებული, 19–დან 15 პაციენტის ნიმუშში აღმოჩნდა.

საკონტროლო ჯგუფის ანალიზებში, ანუ იმ ადამიანებში, რომლებსაც ვირუსი არ გადაუტანიათ, “გავარჯიშებული“ ვირუსული უჯრედები ვერ აღმოაჩინეს.

თუ კოვიდ19 პაციენტში მსუბუქი ფორმით ვითარდება, ტესტები ვირუსის არსებობას მის ორგანიზმში დაინფიცირებიდან უკვე 2–3 კვირის შემდეგ აღარ აჩვენებენ. ასე რომ, აღმოჩენილი იმუნური უჯრედები არ შეიძლება “ახალთახალი იმუნური რეაქცია“ იყოს– ამბობს პროფესორი ელებედი.

“ძვლის ტვინის ქსოვილში ისინი ერთგვარი ძილის მდგომარეობაში არიან, და ამავე დროს ანტისხეულების გარკვეულ რაოდენობას გამოიმუშავებენ. ასე ხდებოდა პაციენტის გამოჯანმრთელების მომენტიდან. და ასე გაგრძელდება განუსაზღვრელი დროით“ – ამბობს პროფესორი.

ჟურნალ Nature–ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორების თქმით, ლოგიკური იქნება ვივარაუდოთ, რომ ვაქცინაციის შედეგად შეძენილი იმუნიტეტიც ასეთივე ხანგრძლივი აღმოჩნდება. ასევე არ არის გამორიცხული, რომ ხანრძლივი დაცვის იმედი შეიძლება ჰქონდეთ იმ პაციენტებსაც, ვინც კოვიდი სრულიად უსიმპტომოდ გადაიტანა.

თუმცა, თავიდან უნდა გაირკვეს, რამდენად არიან დაცულები ისინი, ვინც კორონავირუსის მძიმე ფორმა გადაიტანა. არსებობს ვერსია, რომ მძიმედ დაავადებულებში ინფექციაზე ჰიპერტროფირებულმა რეაქციამ, რომელიც ფაქტიურად აუტოიმუნურ დაავადებაში გამოიხატა (ე.წ. ციტოკინურ შტორმში), შესაძლოა ორგანიზმი დაასუსტა და გრძელვადიანი იმუნიტეტის ფორმირებას ხელი შეუშალა.

დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებსაც კვლევასთან შეხება არ აქვთ, ჯამში ეთანხმებიან Nature–ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორების დასკვნებს, თუმცა მოუწოდებენ მეტისმეტად შორსმიმავალ დასკვნებს ნუ გააკეთებენ.

ლონდონის იმპერიალ კოლეჯის იმუნოლოგიის პროფესორის, დენი ოლტმანის თქმით, ამერიკელ მეცნიერთა ნამუშევარი კარგი შეხსენებაა იმისა, რომ იმუნური მეხსიერება ძალიან ფაქიზი და რთულად ორგანიზებული რამ არის.

“ერთის მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ ანტისხეულების რაოდენობა სისხლში სწრაფად მცირდება და ეს გვიბიძგებს ვივარაუდოთ, რომ იმუნური დაცვა დიდხანს არ გრძელდება, თუმცა, მეორეს მხრივ ვხედავთ, რომ უჯრედები, რომლებმაც ამ ანტისხეულების გამომუშავება ისწავლეს, სისცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებენ დიდი დროის განმავლობაში და საჭირო დროს შეიძლება კვლავ ჩართონ ეს კონვეიერი.“ – ამბობს ის.

“შეძლებით შეუძლიათ, მაგრამ გააკეთებენ თუ არა ამას რეალობაში, ვერ გავიგებთ იმ დრომდე, სანამ ეს ჰიპოთეზა ბრძოლაში რეალურ გამოცდას არ გაივლის. თუ თეორია სწორია, მაშინ ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ განმეორებითი აცრები ნაკლებად დაგვჭირდება“ – განმარტავს პროფესორი.

ოლტმანის კოლეგა რედინგის უნივერსიტეტის ფარმაციის სკოლიდან, პროფესორი ალესანდრ ედვარდსი ნაკლებად ოპტიმისტურად არის განწყობილი.  მისი თქმით, იმუნური დაცვის ეფექტურობა არა მხოლოდ ანტისხეულების რაოდენობაზე ან მათი მწარმოებელი უჯრედების არსებობაზეა დამოკიდებული, არამედ თავად ვირუსზეც. ის კი მუტირებას განაგრძობს:

“სამწუხაროდ იმუნური სისტემის უჯრედების არანაირი ცვლილება არ მოგვცემს საშუალებას ზუსტად ვიწინასწარმეტყველოთ, იქნება თუ არა განმეორებითი დაინფიცირება, რამდენად სწრაფად დაიწყება ეს, რამდენად ხშირად მოხდება და რამდენად მძიმე იქნება დაავადების მიმდინარეობა. რა თქმა უნდა, იმუნოლოგების მონაცემები მნიშვნელოვანია, და ეს შესანიშნავი ახალი ამბავია, მაგრამ ის არ გვაძლევს პასუხს კითხვაზე, როგორ განვითარდება ეპიდემია მომავალში. ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ ეპიდემიოლოგიურ კვლევებს შეუძლია, რომლებიც გამოჯანმრთელებული პაციენტების მონიტორინგს აწარმოებენ და მათ ადარებენ, ვინც ჯერ არ დაავადებულა. ეს ნაშრომები კი ჯერჯერობით აჩვენებს, რომ განმეორებითი დაინფიცირება შესაძლებელია“– ამბობს პროფესორი ედვარდსი.