კოვიდ19-ით უკვე იმაზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე ყოველწლიურად გრიპით ინფიცირდება

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა. ბოლო კვირების მონაცემებით, ყოველდღიურად, ამერიკის შეერთებულ შტატებზე და ევროპაზე მეტი ინფიცირების შემთხვევები ლათინურ ამერიკაში ფიქსირდება.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს კოვიდ19-ის გავრცელების ახალი ფაზაა. თებერვალში პიკი ჩინეთში დაფიქსირდა, შემდეგ უფრო დიდი მასშტაბით იყო ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ამ კვირაში აღრიცხული შემთხვევების უმრავლესობა ლათინურ ამერიკაში ფიქსირდება. ევროპაზე და შეერთებულ შტატებზე ახალი შემთხვევების 20-20 პროცენტი მოდის.

კოვიდ-19-ის ახალი დადასტურებული შემთხვევების დიდი ნაწილი ბრაზილიაში აღირიცხა. ქვეყანამ მონაცემებით გერმანიას, საფრანგეთს და დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო და ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის შემდეგ, მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

ბრაზილია ამ დროისთვის მსოფლიო რუკაზე ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით მესამე ადგილზეა. თუმცა, ყოველდღიური მატებით, ის ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, მეორე პოზიციას იკავებს.

სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, ყოველ ორ კვირაში მსოფლიოში კოვიდ19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1 მილიონით იზრდება.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსი ​6 თვეში 5 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, მაშინ როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გრიპის შემთხვევები ყოველწლიურად 3-5 მილიონის ფარგლებში მერყეობს. მონაცემები აჩვენებს, რომ კოვიდ19-ით უფრო მეტი ადამიანი ინფიცირდება, ვიდრე ერთად აღებული ყველა შტამის გრიპით.

პანდემიის გამო მსოფლიოში 326 000 ადამიანი გარდაიცვალა და მონაცემები ყოველდღიურად იზრდება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ რეალურად გარდაცვლილთა რაოდენობა გაცილებით დიდია. გარდაცვალების აღრიცხული შემთხვევების ნახევარი ევროპაში ფიქსირდება.

წყარო: ამერიკის ხმა